სამხრეთკორეული საავტომობილო გიგანტის, Hyudai-ის ინდური შვილობილის, Hyundai Motor India-ს აქციები, შესაძლოა, საფონდო ბირჟაზე დაილისტოს. როგორც ინდურ მედიაში წერენ, შესაბამისი ნებართვის მისაღებად, ინდოეთის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების საბჭოს Hyundai რამდენიმე კვირის შუალედში მიმართავს და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ 60-დან 90 დღემდე შუალედში მიიღებს, ანუ IPO, სავარაუდოდ, სექტემბერში ან ოქტომბერში შედგება.
თუკი IPO მართლაც შედგა, $2.5-მილიარდიანი გარიგება ინდოეთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი განთავსება იქნება. ამ დრომდე, IPO-ს შედეგად ამხელა ინვესტიციის მოზიდვა მხოლოდ ინდოეთის სიცოცხლის დაზღვევის კორპორაციამ მოახერხა, 2022 წელს. იშვიათია თავად საავტომობილო კომპანიების მიერ ინდოეთის საფონდო ბირჟაზე დალისტვის გადაწყვეტილებაც, რადგან ამ დრომდე, ამ გზას მხოლოდ იაპონური Suzuki-ის შვილობილმა მიმართა, ისიც 2003 წელს.
კომპანიის აქციების ინდოეთის საფონდო ბირჟაზე განთავსება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც სამხრეთკორეული გიგანტის ჰეგემონიის გაზრდას ისახავს მიზნად, განსაკუთრებით SUV-ის სეგმენტში. საქმე ისაა, რომ Hyundai-ის მიერ ინდოეთში გაყიდული ავტომობილების 67% სწორედ SUV-ია, რაც კომპანიის სამოდელო რიგში არსებული რამდენიმე მოდელის, მათ შორის Exter-ის, Venue-ს, Creta-ს, Alcazar-ის, Tucson-ისა და IONIQ 5-ის დამსახურებაა. 2024 წლის მაისში, Hyundai Motor India-მ დილერებს 49,151 ავტომობილი მიჰყიდა, ანუ ზრდა 1%-ია. საპირწონედ ამისა, მკვეთრად, კერძოდ 31%-ით იმატა ექსპორტმა - ინდურმა კომპანიამ ქვეყნის გარეთ 14,400 ავტომობილი გაყიდა.