მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hyundai-ს მეასე მემილიონე ავტომობილი, "Toyota"  ყოველდღიურად 800-ზე მეტ Camry-ის ყიდის - კვირის მთავარი ავტო სიახლეები

auto news

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

Hyundai-იმ მის ისტორიაში მეასე მემილიონე ავტომობილი გამოუშვა

რთული და გამოწვევებით სავსე წლები გაიარა და Hyundai ჩვეულებრივი სტარტაპიდან მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ავტო მწარმოებლად გადაიქცა. კომპანიის დაარსებიდან 57 წლის შემდეგ, Hyundai-იმ მის ისტორიაში მეასე მემილიონე ავტომობილი გამოუშვა. უფრო მეტად საინტერესო კი ის ფაქტია, რომ 50 მილიონიდან 100 მილიონამდე მიღწევას ავტო მწარმოებლისთვის მხოლოდ 10 წელი დასჭირდა.

Hyundai-ის საიუბილეო ავტომობილი მფლობელს სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, სამხრეთ კორეის ულსანის ქარხანაში გადაეცა. ეს ობიექტი განსაკუთრებით დიდ დატვირთვას ატარებს თავად ავტო მწარმოებლისთვის და „კორეის საავტომობილო ინდუსტრიის განვითარების სამშობლოდ" აღიქმება. სწორედ ამ ქარხანაში, 1975 წელს შეიქმნა Hyundai-ისთვის, პირველი, მხოლოდ მის მიერ წარმოებული სერიული ავტომობილი Pony.

1985 წლამდე Hyundai-მ მისი პირველი თაობის Sonata გამოუშვა და Hyundai Motor America დააარსა. ხოლო Hyundai Excel-ი მომდევნო წელს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაეშვა და მალევე, ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ავტომობილად იქცა.


1992 წლისთვის, Hyundai-ის უკვე 5 მილიონზე მეტი ავტომობილი ჰქონდა წარმოებული.
ექვსი წლის შემდეგ Hyundai-მ Kia Motors-ი შეისყიდა და მასთან ერთად განაგრძო ავტომობილების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოება.

„წარმოების ამ ნიშნულის მიღწევა, ჩვენი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ეს კი შესაძლებელი სწორედ ჩვენი მომხმარებლების წყალობით გახდა, რომლებიც პირველივე დღეებიდან ირჩევენ და მხარს უჭერენ Hyundai Motor-ს", - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და მომავალი განვითარების პირობა დადო.


"Toyota" ყოველდღიურად 800-ზე მეტ Camry-ის ყიდის

Toyota-მ, აშშ-ს ბაზარზე 2024 წლის მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა.
ახალი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ავტომწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი - Toyota Camry - მომხმარებლებში კვლავ შესამჩნევი პოპულარობით სარგებლობს.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, აშშ-ში Camry-ს გაყიდვები, გასულ კვარტალთან შედარებით, 1.7%-ითაა გაზრდილი და 22 934 ერთეულს აღწევს. წლიურ ჭრილში ზრდა გაცილებით მაღალია, ანგარიშის თანახმად, მხოლოდ აშშ-ში, პირველ ცხრა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Camry-ის გაყიდვები 4.4%-ით გაიზარდა და 227 576 ერთეული შეადგინა.
თუ ამ მაჩვენებლებს დღიურ ჭრილში გადავიყვანთ, გამოდის რომ პირველი იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში, იაპონურმა მწარმოებელმა აშშ-ში საშუალოდ 833.6 ერთეული Camry გაყიდა. ეს რიცხვი კი ბევრად უფრო გაიზრდება, თუ გასაყიდ დღეებში მხოლოდ სამუშაო დღეებს ჩავთვლით.

2024 წელი კარგად მიმდინარეობს toyota Corolla-სთვის. სექტემბრის ჩათვლით, ავტომობილის მიწოდება 6.9%-ით გაიზარდა და 177 092 ერთეული შეადგინა. გამოდის რომ იმავე პერიოდში, კომპანია დღეში საშუალოდ 648.6 Corolla-ს ყიდდა. თუმცა Camry-სგან განსხვავებით, Corolla ხელმისაწვდომია ჰეჩბეკის სახითაც და ამასთან ერთად აქვს სპორტული GR ვერსიაც.
მიუხედავად ამისა, ავტომწარმოებლის ძლიერ მხარედ კვლავ მაინც SUV-ები რჩება. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, RAV4-ის 350 331 ერთეული გაიყიდა - გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.7%-ით მეტი. დღიური გადაანგარიშებით, ყოველდღიურად საშუალოდ 1 283 ერთეული RAV4 იყიდებოდა.

Tesla-მ, ერთ წელში უკვე მეხუთედ, Cybertruck-ი უკან გაიწვია

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ, ერთი წლის განმავლობაში უკვე მეხუთედ, Cybertruck- ის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მასკის მიერ დაარსებული კომპანიის ბოლო განცხადება 27 185 ერთეულ მანქანას შეეხება. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელები, ავტომობილების უსაფრთხოების ფედერალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.

სამთავრობო უწყების განცხადებით, მაშინ, როდესაც ავტომობილი ითიშება, შემდეგ კი თავიდან იღებს ბრძანებას ჩართვის შესახებ, უკანა ხედვის კამერაზე გამოსახულება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება არ გამოჩნდეს. მაგრამ, დასაშვები ლიმიტი, მხოლოდ 2 წამით არის განსაზღვრული. კანონის თანახმად, მძღოლები უკანა სვლით გადაადგილებისას, გამოსახულებას უნდა ხედავდნენ. სხვა შემთხვევაში, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მძღოლსა და გარშემომყოფებს.

უსაფრთხო საგზაო მოძრაობის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Cybertruck-ის უკანა ხედვის კამერები შესაძლოა 8 წამის განმავლობაში არ ჩაირთოს, რაც დაშვებულ ლიმიტზე 6 წამით მეტია. თუმცა, ადმინისტრაციაც მიუთითებს, რომ 6-წამიანი სხვაობა დიდი პრობლემა არაა, რადგან მანქანის უკან გამოყვანის დროს, მძღოლს შეუძლია გვერდითი ხედვის სარკეები გამოიყენოს.

ისიც უნდა ითქვას, რომ Tesla-სთვის ეს პრობლემა მარტივად აღმოსაფხვრელი აღმოჩნდა და ელექტრომობილების მწარმოებელმა უფასო პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაც მალევე წარადგინა.


10 ყველაზე არა გაყიდვადი ავტომობილი აშშ-ში

მსოფლიოს წამყვანმა ავტომწარმოებლებმა, აშშ-ში 2024 წლის მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნეს. სიის სათავეში, ტრადიციულად, რამდენიმე ყველაზე პოპულარული მოდელი ვიხილეთ: Ford F-150, Toyota Camry, Chevrolet Silverado და სხვა. ყველაზე გაყიდვად მოდელებთან ერთად, ანგარიშში ავტომწარმოებლებმა იმ მოდელების სიაც გამოაქვეყნეს, რომლებიც წელს პრაქტიკულად არ იყიდება.

აღმოჩნდა, რომ მოდელების ნაწილი, მძღოლებს უბრალოდ არ აინტერესებთ. შესაბამისად, მათი გაყიდვების მაჩვენებელიც, ძალიან დაბალ ნიშნულზეა. უფრო მეტიც, ამ ცხრილში ისეთი ძვირად ღირებული ავტომწარმოებლების მოდელებსაც კი ვხვდებით, როგორებიც Lexus-ი, BMW, Audi და სხვები არიან.

მოდელი

2024 წელი - 9 თვე

Hyundai Nexo

89 ერთეული

Toyota Mirai

346 ერთეული

Fiat 500

439 ერთეული

Genesis G90

1,017 ერთეული

Audi A7

1,040 ერთეული

Audi A8

1,232 ერთეული

Lexus LC

1,294 ერთეული

Lexus RC

1,370 ერთეული

BMW XM

1,385 ერთეული

BMW Z4

1,471 ერთეული

სიის პირველ ადგილზე Hyundai Nexo-ა წარმოდგენილი. 2024 წლის მონაცემებით, სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Nexo-ს მხოლოდ 89 ერთეული გაყიდა. სიის მეორე პოზიციაზე Toyota Mirai-ა, 346 ერთეულით, შემდგომ კი Fiat 500 მოდის - 2024 წელს გაყიდული 439 ავტომობილით.

სხვა შემთხვევაში, ყველა მოდელის გაყიდვების მაჩვენებელი აღემატება 1,000-იან ნიშნულს, თუმცა, შედეგიანი წელი ნამდვილად არ ჰქონიათ. მათგან გამორჩეულია Lexus-ი, რომელმაც შარშანდელთან შედარებით გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა, მაგრამ ეს შედეგები LC-ისა და RC-ის მოდელებზე არ ასახულა. ავტომწარმოებელმა, 2024 წელს, ამ მოდელების 1 294 და 1 370 ერთეული გაყიდა.

რაც შეეხება BMW-ს: გერმანული ავტო მწარმოებლისთვის ყველაზე ცუდი შედეგები წელს Z4-ისა და XM-ის მოდელებმა დააფიქსირეს. 2024 წლის პირველ ცხრა თვეში Z4-ის მხოლოდ 1 471, ხოლო XM-ის 1 385 ერთეული გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები