მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში კომპანიების 48%-მა დასაქმებულებს ხელფასი გაუზარდეს - BAG-ის ინდექსი

Salary

2024 წლის I კვარტალში კომპანიათა 48%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ინდექსის კვლევაში წერს.

მათი ანალიზით, აღნიშნული ზრდა შესაძლოა უკავშირდებოდეს კომპანიების მიერ I კვარტალში დასაქმებულთა ხელფასების გადახედვას.

რაც შეეხება დეტალურ მონაცემებს სექტორების მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში, ვაჭრობის სექტორში კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა დააფიქსირა დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდა. 2024 წლის II კვარტალში კი დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი (30%) მშენებლობის სექტორში გეგმავს.

I კვარტალში ხელფასები მხოლოდ მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანიების 6%-მა შეამცირა. სხვა ყველა სექტორში ხელფასები ან გაიზარდა, ან უცვლელად დარჩა.

  • ვაჭრობის სექტორი - ზრდა კომპანიების 61%, უცვლელი 39%;
  • მომსახურების სექტორი - ზრდა კომპანიების 39%, უცვლელი 56%, შემცირება 6%;
  • მრეწველობის სექტორი - ზრდა 50%, უცვლელი 50%;
  • მშენებლობის სექტორი - გაზრდა 40%, შემცირება 60%.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ კომპანიათა შორის, ვინც 2024 წლის I კვარტალში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დააფიქსირა, უმრავლესობამ (87%-მა) 2024 წლის I კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურება 20%-მდე გაზარდა. 2024 წლის I კვარტალში, გამოკითხულ კომპანიების მხოლოდ 2%-მა გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება 40%-ზე მეტად.