კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, წელს I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი 5%-ით 16.4 მლნ ლარამდე გაიზარდა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში სარეკლამო შემოსავლების ზრდა 5.7%-ია და 14.8 მლნ ლარს შეადგენს.
პირველ კვარტალშიც ტრადიციულად ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი „ტელეიმედს” ჰქონდა. ტელევიზიის შემოსავალი წლიურად 0.8 მლნ ლარით 6.1 მლნ ლარამდე გაიზარდა. უცვლელი დარჩა „რუსთავი 2“-ის შემოსავალი და 1.8 მლნ ლარი შეადგინა. 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა „პოსტვ“-ის შემოსავალი და 1.7 მილიონ ლარს გაუტოლდა. გაიზარდა ასევე „ფორმულას“ კომერციული შემოსავალიც, რამაც 2025 წლის I კვარტალში 1.5 მილიონი ლარი შეადგინა და გასული წლის იმავე პერიოდში მიღებულ შემოსავალს, 0.8 მილიონი ლარით გადააჭარბა. 0.4 მლნ ლარით მეტი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, რომლის სარეკლამო შემოსავალმა 1.2 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება „ბი ემ ჯი“-სა და „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის, მათი სარეკლამო შემოსავლები უცვლელი დარჩა და „ბი ემ ჯი“-ის შემთხვევაში 0.8 მლნ ლარი, ხოლო „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის შემთხვევაში 0.4 მლნ ლარი შეადგინა. 0.3 მილიონი ლარით გაიზარდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარეკლამო შემოსავალიც, რომელიც მიმდინარე წლის I კვარტალში 0.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, ორჯერ გაიზარდა „სილქნეტის“ შემოსავალიც და სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. „პალიტრანიუსის“ შემთხვევაში კი, მათი კომერციული შემოსავალი არ შეცვლილა და 0.1 მილიონი ლარი იყო.
რადიომაუწყებლების ჯამური შემოსავლები წლიურად მხოლოდ 1.1%-ით გაიზარდა და 1.7 მილიონი ლარი შეადგინა.
კომერციული სარეკლამო შემოსავლად ითვლება კომერციული რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, ტელეშოპინგი და კომერციულ განცხადებები.