2025 წლის I კვარტალში საქართველოში ყაზახეთიდან ვიზიტების რაოდენობა შემცირდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში ყაზახეთიდან 21 625 ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6 249 ვიზიტით, ანუ 22.4%-ით ნაკლებია.
შემცირებული მაჩვენებლის მიუხედავად, ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, TOP-15 ქვეყნის რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს. ის ამ რეიტინგში გასულ წელთან შედარებით 2 ადგილით ჩამოქვეითდა.
უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიური პერიოდის შემდეგ წლების განმავლობაში, როგორც კვარტალურ, ასევე წლიურ ჭრილში საქართველოში ყაზახეთიდან ვიზიტები მზარდი იყო. ბოლო 4 წლის სტატისტიკა ასეთია:
2021 წელი - 66 787 ვიზიტი;
2022 წელი - 120 494 ვიზიტი;
2023 წელი - 167 492 ვიზიტი;
2024 წელი - 178 930 ვიზიტი;
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან 10-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია ყაზახეთში, ალმათის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში KITF 2025 მონაწილეობს. მის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს ყაზახური ავიაკომპანიების, მარკეტინგული კომპანიების, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან მართავს.
სახელმწიფო უწყების მიერ ყაზახეთში საქართველოს მიმზიდველობის გაზრდისთვის გაწეული სამუშაოს პარალელურად კი „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ქვეყანაში შემოსული ყაზახი ტურისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ბიზნეს გაერთიანების ინფორმაციით, საზღვარზე გახშირდა ყაზახების არ შემოშვების ფაქტები, საქართველოში შემოსული ყაზახი ტურისტები კი სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის კვების ობიექტებში, საფინანსო დაწესებულებასა და ტრანსპორტში, არასათანადო და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას აწყდებიან.




























