2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტმა 2 მილიარდ 732 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.6%-ითაა გაზრდილი.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა 481.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.6% შეადგინა. ცნობისთვის, ნახატების და პასტელების იმპორტი იანვარში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ათ უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის არის იანვარში შემოტანილი ქანდაკებებიც, რომლის იმპორტმაც 33 მილიონ 398 ათასი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება მეორე ადგილს, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საიმპორტო საქონელს შორის მეორე ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია 326.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 202.1 მლნ აშშ დოლარით.
წარმოგიდგენთ ათ ყველაზე მსხვილ საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს, რომლის ცვლილებაც წინა წლის იანვარ-თებერვალთან არის შედარებული:
- სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული - 481 მლნ დოლარი - 534 924.9%-ით გაიზარდა;
- მსუბუქი ავტომობილები - 326.7 მლნ დოლარი, 16.5%-ით შემცირდა;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 202 მლნ დოლარი, 8%-ით გაიზარდა;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 145.3 მლნ დოლარი, 14.3%-ით გაიზარდა;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 95.7 მლნ დოლარი, 7.3%-ით შემცირდა;
- სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის - 40.8 მლნ დოლარი, 30.6%-ით შემცირდა;
- ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან - 33.4 მლნ დოლარი - 60 117.6%-ით გაიზარდა;
- სატვირთო ავტომობილები - 31.3 მლნ დოლარი - შემცირდა 1%-ით;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 24.9 მლნ დოლარი - შემცირდა 24.4%-ით;
- ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 20.3 დოლარი - 9.3%-ით გაიზარდა.