მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში ადგილობრივი ექსპორტი $186.3 მილიონამდე გაიზარდა - სად/რა გავყიდეთ?

საქონელი

2025 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 403.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 19.3%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ადგილობრივი ექსპორტის მონაცემების მიხედვით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 46.1%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა და 186.3 მლნ დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.5% შეადგინა. ამასთან, უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში ადგილობრივად წარმოებული საქონლის ექსპორტი შემცირდა რუსეთში, თურქეთში, ჩინეთსა და უკრაინაში. ბულგარეთში კი ადგილობრივი ექსპორტი 1 748%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 13.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4% შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის იანვარში საქართველოდან სპილენძის მადნები და კონცენტრატები ექსპორტზე არ გაგვიტანია.

ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით, უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების რეიტინგში ყურძნის ნატურალური ღვინის, სპირტიანი სასმელების, ძვირფასი ლითონების მადნებისა და ფეროშენადნობების გაყიდვები შემცირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები