მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის პირველ ნახევარში ადგილობრივი ექსპორტი 21.6%-ით შემცირდა - TOP-10 საქონელი

64be3a5470953
ვიქტორია მღებრიშვილი
24.07.23 23:43
609

2023 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის ზრდის მიუხედავად, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 მილიარდ 052 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 19.3%-ით მეტია. ადგილობრივი ექსპორტს კი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიან ექსპორტში 48.3% უკავია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.6%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 473 მილიონი დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის შემდეგ პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტის დინამიკა 2021-2022 მზარდი იყო. ისევე როგორც მზარდი დინამიკა ჰქონდა მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილსაც, რომელის 2022 წლის 6 თვის მონაცემებით 73.4%-მდე იყო გაზრდილი. 2023 წლის პირველ ნახევარში კი 48.3%-მდე შემცირდა.

2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები კი: რუსეთი (266.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (197.8 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (188.2 მლნ. აშშ დოლარი) არიან. აღსანიშნია, რომ ამ პერიოდისთვის 10 უმსხვილეს პარტნიორს შორის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლების 7 ქვეყნის - ჩინეთის, თურქეთის, ბულგარეთის, სომხეთის, პერუს, აშშ-სა და შვეიცარიის მიმართულებით შემცირდა. ზრდა მხოლოდ რუსეთის, აზერბაიჯანის და ესპანეთის მიმართულებით დაფიქსირდა.

რაც შეეხება ამ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტით გაყიდული საქონელს, 10 უმსხვილესი საქონლის რეიტინგში 5 დასახელების პროდუქტის ექსპორტი შემცირდა, ხუთის კი გაიზარდა. ადგილობრივ ექსპორტში TOP-10 საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 336.2 მლნ დოლარი, კლება - 36.9%;
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 125.7 მლნ დოლარი, ზრდა - 26.4%;
3. ფეროშენადნობები - 109.6 მლნ დოლარი, კლება - 62.9%;
4. აზოტოვანი სასუქები - 98.4 მლნ დოლარი, კლება - 40.6%;
5. მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - 65.4 მლნ დოლარი, ზრდა - 46.2%;
6. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 58.2 მლნ დოლარი, ზრდა - 79.2%;
7. ელექტროენერგია - 52.3 მლნ დოლარი, კლება - 2.3%;
8. სპირტიანი სასმელები - 46.1 მლნ დოლარი; ზრდა - 38.4%;
9. ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 45.2 მლნ დოლარი, ზრდა - 3.9%;
10. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 37 მლნ დოლარი, კლება - 12.9%.

საექსპორტო საქონელს ასევე არის თხილი და სხვა კაკალი, ძვირფასი ლითონების მადნები, ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თევზის ცხიმები, ქონები და ფრაქციები, სპილენძის ნარჩენები და ჯართი, თევზის ან კიბოსნაირების ფქვილი და გრანულები, ცოცხალი ცხვრები და თხები, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, კომპლექსური ციანიდები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები და სხვა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დანარჩენი საქონლის ექსპორტი ჯამურად გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 6.6%-ით შემცირდა და 499.3 მლნ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები