საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა - სად ფიქსირდება კლება?
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.23 12:41
• 821
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 914 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.3%-ით მეტია.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 54.3% პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6%-ით შემცირდა და 497 მილიონ 200 ათას დოლარს გაუტოლდა.
2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 82.2% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები იყვნენ:
1. რუსეთი - 107 მლნ დოლარი, ზრდა - 33.5%; 2. ჩინეთი - 106.1 მლნ დოლარი, ზრდა - 17.9%; 3. თურქეთი - 57.1 მლნ დოლარი, ზრდა - 2.1%; 4. ბულგარეთი - 34.5 მლნ დოლარი, კლება - 58.8%; 5. სომხეთი - 26.2 მლნ დოლარი, ზრდა - 66.1%; 6. ესპანეთი - 19.8 მლნ დოლარი, ზრდა - 597 %; 7. პერუ - 17 მლნ დოლარი, კლება - 5.9 %; 8. აზერბაიჯანი - 16 მლნ დოლარი, ზრდა - 11.5%; 9. შვეიცარია - 13.5 მლნ დოლარი, კლება - 4.7%; 10. აშშ - 11.1 მლნ დოლარი, კლება - 71.6%.
სხვა ქვეყნების მიმართულებით ადგილობრივი ექსპორტი 37.4%-ით შემცირდა და ჯამში 88.6 მლნ დოლარი შეადგინა.
ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, დსთ-ის ქვეყნებში ადგილობრივი ექსპორტი 5.2%-ით გაიზარდა და 170 მილიონ 717 ათასი დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ექსპორტირებული 38.2%-ით შემცირდა და ქვეყანამ საქონლის ექსპორტით მხოლოდ 87 მილიონ 711 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების საქონელს, რომელიც 2023 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტზე გავიდა, პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 143.3 მლნ დოლარით, კლება - 8.3%-ია; აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.8 პროცენტს შეადგენს; 2. ფეროშენადნობები 71.7 მლნ დოლარით, კლება - 28.6%; 3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 34.4 მლნ დოლარი, ზრდა - 3.7%; 4. აზოტოვანი სასუქები - 21 მლნ დოლარი, კლება - 63.8%; 5. დაუმუშავებელი ოქრო - 16.3 მლნ დოლარი, ზრდა - 21.7%; 6. თხილი და კაკალი - 15.5 მლნ დოლარი, ზრდა - 19.3%; 7. მინერალური და მტკნარი წყლები - 15.1 მლნ დოლარი, კლება - 35.2%; 8. სპირტიანი სასმელები - 13.6 მლნ დოლარი, ზრდა - 4.1%; 9. ძვირფასი ლითონების მადნები - 12.5 მლნ დოლარი, ზრდა - 19.8%; 10. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 10.4 მლნ დოლარი, კლება - 20.3%.
სხვა საქონელის ადგილობრივი ექსპორტი ჯამში 18%-ით გაიზარდა და 142.9 მლნ დოლარი შეადგინა.