მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში ბინების საშუალო ფასი $1103-მდე გაიზარდა - როგორია TBC Capital-ის პროგნოზი?

640eca6aca7c7
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.23 22:40
1144
იანვარში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა და 1 103 დოლარი შეადგინა.

"თიბისი კაპიტალის" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის იანვარში გაყიდული ბინების რაოდენობა დეკემბრის მაჩვენებელს 26%-ით ჩამორჩა, წლიურად ის მნიშვნელოვნად - 17%-ით გაიზარდა. შესაბამისად, იანვარში თბილისში 2 839 ბინა გაიყიდა.

„2023 წლის იანვარში 550 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია (-34% თ/თ). ძველი ბინების გაყიდვის 2022 წლის იანვართან შედარებით დაახლოებით 19% გაიზარდა (-23% თ/თ). შედეგად, 2023 წლის იანვარში ახალი ბინების წილმა მთლიან ტრანზაქციებში 19% შეადგინა.

2023 წლის იანვარში, ტრანზაქციების დინამიკასთან თანხვედრაში იყო ძველი და ახალი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასის ცვლილებაც, რომელიც უფრო ძველი ბინების შემთხვევაში (+2.6% თ/თ vs -0.2% თ/თ) მაღალი იყო.

„იანვარში ბაზრის დაბალი აქტივობა დეკემბერთან შედარებით სეზონური ფაქტორებით აიხსნება. სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი იანვარში თვიურ ჭრილში 14%-ით გაიზარდა.

საშუალო შეწონილმა გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო (+2.7% თ/თ) და 1,103$-ს გაუტოლდა. გასაყიდი ფასი წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება. ტრანზაქციების და ფასის ზრდის ფონზე, ბაზრის ზომა წლიურად 54%-ით გაიზარდა და 210 მილიონი დოლარი შეადგინა“, - ნათქვამია საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ მზარდი ტენდენცია ქირის შემთხვევაშიც შენარჩუნდა და კვ.მ.-ზე საშუალო გასაქირავებელი ფასი 12.5 დოლარი შეადგინა. მათივე მონაცემებით, წლიურად ქირის ფასი 119%-ით (+3.3% თ/თ) გაიზარდა. ამასთან, უძრავი ქონების ამონაგებიც (კაპიტალიზაცია) კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება (12%) და ეროვნულ ვალუტაში არსებულ გრძელვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთს მცირედით ჩამორჩება.

"თიბისი კაპიტალი" წლის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასის ზრდას დოლარში 18.5%-ით, ხოლო ქირის ღირებულების ზრდას 42.8%-ით პროგნოზირებს. „ასეთი მაღალი ზრდა მეტწილად 2022 წლის პირველ ნახევარში არსებული დაბალი საბაზო ეფექტით არის გამოწვეული. იმავე პროგნოზის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში გასაყიდი ფასი 3.9%-ით, ქირის ფასი კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 1%-ით გაიზრდება“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები