საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის იანვრის ბოლოსათვის 70.40 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 531.81 მილიონი ლარით (0.75%-ით) ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.86%-ით ნაკლები).
სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.35% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 331.60 მლნ ლარით (0.81%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 200.21 მლნ ლარით (0.67%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.93%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.68 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.38%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 20.23 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.74%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.98 %-ით ნაკლები).
იანვრის განმავლობაში 0.47%-ით, ანუ 173.73 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის 36.82 მილიარდი ლარი შეადგინა.
ამასთან, 2026 წლის იანვრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.56% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.04 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.03 პროცენტული პუნქტით).




























