მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის 6 მოვაჭრეს 34 185 ლარის ჯარიმა დაეკისრა - GCCA

კონკურენციის სააგენტო

იანვარში მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის 6 მოვაჭრეს 34 185 ლარის ჯარიმა დაეკისრა. GCCA-ი მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვრის სტატისტიკას აქვეყნებს.

მათი ცნობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვარში, GCCA-ში - 190 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 524 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75 %-ით, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 217 %-ით არის გაზრდილი.

"საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 13 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 20 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს - 13 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 34 185 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 10 საქმეზე - 9 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ", - ნათქვამია იანვრის სტატისტიკაში.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 77% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 4%, ქვემო ქართლი 4%, იმერეთი 3%, კახეთი 3%, სამცხე-ჯავახეთი 3% და სხვ.

GCCA-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 70 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე - 49, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე - 41, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე - 9, ხოლო სხვა დანარჩენზე - 21. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 65%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 13%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 19%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები