2025 წლის იანვარში საქართველოში 150 995 400 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, რაც წინა წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით 23.1%-იან კლებას გულისხმობს.
მსუბუქ ავტომობილებს იმპორტში უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის სურათებისა და ნახატების შემდეგ, მეორე ადგილი უკავია 9.4%-იანი წილით.
მსუბუქი ავტომობილების იმპორტში ყველაზე დიდი წილი აშშ-ზე მოდის, საიდანაც იანვარში 84,5 მლნ აშშ დოლარის 6675 ცალი ავტომობილი შემოვიდა. მეორე ადგილზეა იაპონია - 21,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 729 ავტომობილით, მესამეზე კი გერმანია - 19,3 მლნ აშშ დოლარის 352 ცალი ავტომობილით.
რაც შეეხება ექსპორტს, მსუბუქ ავტომობილებს 2025 წლის იანვარშიც სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი უკავია. კერძოდ, საქართველომ იანვარში დაახლოებით 130.0 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები გაიყვანა ექსპორტზე, რაც მთელი ექსპორტის 32.2%-ს შეადგენს. ექსპორტის ზრდამ 16% შეადგინა.
ცნობისთვის, მსუბუქი ავტომობილები უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია 2024 წლის ჯამურ ექსპორტშიც, რაც სრულად რეექსპორტზე მოდის. სწორედ ავტოექსპორტის გამო გახდა გასულ წელს ყირგიზეთი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა.
მიმდინარე წლის იანვარშიც, ავტოექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი ყირგიზეთზე მოდის.
2025 წლის იანვარში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში:
- ყირგიზეთი - 68,6 მლნ აშშ დოლარი - 2 331 ცალი
- ყაზახეთი - 37,5 მლნ აშშ დოლარი - 2 108 ცალი
- აზერბაიჯანი - 12,2 მლნ აშშ დოლარი - 586 ცალი
- სომხეთი - 5,6 მლნ აშშ დოლარი - 215 ცალი
- ტაჯიკეთი - 2,3 მლნ აშშ დოლარი - 120 ცალი
- უზბეკეთი - 1,9 მლნ აშშ დოლარი - 104 ცალი
- უკრაინა - 403 350 აშშ დოლარი - 36 ცალი
- პოლონეთი - 371 000 აშშ დოლარი - 4 ცალი
- თურქეთი - 262 010 აშშ დოლარი - 23 ცალი
- მოლდოვა - 179 270 აშშ დოლარი - 12 ცალი