ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი 2024 წელს საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა, რაც ავტომობილების ექსპორტს უკავშირდება. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 9 თვეში ყირგიზეთის მიმართულებით $838 მილიონი დოლარის ღირებულების 23,200 ავტომობილი გაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96%-ით მეტია. 2024 წელს საქართველოდან $1.76 მილიარდიანი ავტოექსპორტის ნახევარი სწორედ ყირგიზეთზე მოდის.
თუმცა, თავად ყირგიზეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, მათ საქართველოდან წელს მხოლოდ $47 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები მიიღეს. შესაბამისად, ოფიციალურ დოკუმენტაციაში აღრიცხულია რომ ყირგიზეთის მოქალაქეები ან ყირგიზი ავტოდილერები ყიდულობენ ასობით მილიონი დოლარის ავტომობილებს, თუმცა ამ ავტომობილებიდან უშუალოდ ყირგიზეთში მხოლოდ მცირე ნაწილი ჩადის. თავის მხრივ საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილები ჩრდილოეთის გზით, რუსეთის ფედერაციის გავლით იგზავნება. სავარაუდოდ, აღნიშნული ავტომობილები გზაშივე იცვლის მფლობელს და ყირგიზი შუამავლები, რომელთა სახელზეც ძვირად ღირებული ავტომობილები არის რეგისტრირებული, მათ სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე ყიდიან და ამ ავტომობილების უდიდესი ნაწილი ცენტრალურ აზიაში არც ჩადის. თავად რუსეთის ფედერაცია საგარეო ვაჭრობის დეტალურ სტატისტიკას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აღარ აქვეყნებს, ამიტომაც უცნობია რამდენი მილიონი დოლარის ავტომობილებს ყიდულობს ახლა რუსეთი უცხოეთიდან.
საქართველოდან უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში ავტომობილების ექსპორტი 2023 წლის აგვისტოდან შეჩერდა, რაც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთთან ავტოექსპორტის აკრძალვის შეზღუდვას უკავშირდებოდა, თუმცა თავად აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან ავტომობილების ექსპორტი გრძელდება სხვა მესამე ქვეყნებში იმის მიუხედავად ისინი არიან მიერთებული ამ შეზღუდვას თუ არა. ანალოგიურად, საქართველოდან ავტომობილები სხვა მესამე ქვეყნებში შეუფერხებლად იგზავნება, ხოლო ის თუ რა ოპერაციებს ახორციელებენ ამ ავტომობილის მფლობელები მათი კერძო საკუთრებით საქართველოს იურისდიქციის საკითხებს სცილდება.
საქსტატის თანახმად, 2024 წლის 9 თვეში ყირგიზეთის მიმართულებით საქართველოდან გაგზავნილი ავტომობილის საშუალო ღირებულება 36 ათას დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც უკრაინაში ომის დაწყებამდე ყირგიზეთი საქართველოდან $10 მილიონამდე ღირებულების ავტომობილებს ყიდულობდა, ხოლო იმპორტის საშუალო ფასი $8 ათას დოლარამდე იყო.
შეიძლება დავუშვათ რომ თითქმის 800 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები, რომლებიც ჯერჯერობით ყირგიზეთის იმპორტის სტატისტიკაში ასახული არაა, ჯერ კიდევ გზაშია და მომავალ თვეებში აისახება ამ ქვეყნის ოფიციალურ სარეგისტრაციო სისტემაში. თუმცა თავის მხრივ ამის ალბათობა საკმაოდ მცირეა.
ამაზე მიანიშნებს 2023 წლის ვაჭრობის სტატისტიკაც, რადგან 2023 წლის 9 თვეში საქართველოდან ყირგიზეთში $427 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გაიგზავნა, თუმცა ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურმა საქართველოდან მხოლოდ $16.3 მილიონი დოლარის იმპორტი აღრიცხა, რაც საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი ავტომობილების მხოლოდ 4%-ია. წელს ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.
საქართველოდან რეექსპორტზე გასული ავტომობილების რაოდენობა და ღირებულება ქვეყნების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში:
# | ქვეყანა | მილიონი დოლარი | ერთეული ავტომობილი | საშუალო ფასი | ზრდა/კლება წინა წელთან |
1 | ყირგიზეთი | $838 მლნ. | 23,209 | $36 ათასი | 96% |
2 | ყაზახეთი | $551 მლნ. | 37,304 | $15 ათასი | 33% |
3 | აზერბაიჯანი | $223 მლნ. | 10,207 | $22 ათასი | -32% |
4 | სომხეთი | $84 მლნ. | 4,436 | $19 ათასი | -65% |
5 | ტაჯიკეთი | $18 მლნ. | 1,104 | $16 ათასი | -25% |
6 | უკრაინა | $8 მლნ. | 1,041 | $8 ათასი | -38% |
7 | უზბეკეთი | $8 მლნ. | 152 | $51 ათასი | 280% |
8 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | $7 მლნ. | 257 | $27 ათასი | -26% |
9 | ბელგია | $7 მლნ. | 130 | $51 ათასი | -65% |
10 | თურქეთი | $5 მლნ. | 153 | $31 ათასი | -24% |