მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ყირგიზეთში ნახევარი მილიარდის მანქანები გავიდა - საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი

ავტოექსპორტი

საქართველოდან ყირგიზეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა წელს ნახევარ მილიარდ დოლარს მიაღწია - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 10 თვეში ყირგიზეთში 493 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა ექსპორტზე, ეს წინა წელთან შედარებით 1,135%-ით მეტია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ამ მაჩვენებლით ყირგიზეთი საქართველოდან ავტოექსპორტის #1 ბაზარია, მეორე პოზიციას $479 მილიონი დოლარით ყაზახეთი იკავებს, მესამე ადგილზე კი აზერბაიჯანია $371 მილიონი დოლარის რეექსპორტით.

თუმცა, ყირგიზეთში ავტომობილების რეექსპორტი დანარჩენი ქვეყნებისგან გამოირჩევა იმით, რომ რეალიზებული ავტომობილის საშუალო ფასი გაცილებით უფრო მაღალია. წელს ამ ქვეყანაში გასული 13 ათასი ავტომობილის საშუალო ფასი 37 ათასი დოლარი იყო, მაშინ როდესაც ყაზახეთში ეს მაჩვენებელი 15 ათასი დოლარი, აზერბაიჯანში კი 19 ათასი დოლარი იყო. ყირგიზეთში ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტი გამორჩეულია იმითაც, რომ ეს ქვეყანა ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთი უღარიბესია და მისი მშპ ერთ მოსახლეზე 1.3 ათას დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსთან შედარებით შვიდჯერ ნაკლებია. შესაბამისად ყირგიზეთის საშუალო მოქალაქეს 37 ათასი დოლარის ავტომობილის შესაძენად 28 წლის განმავლობაში მუშაობა ესაჭიროება.

ცნობილია, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ყირგიზეთი არ არის მიერთებული რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან, შესაბამისად ქვეყანა რუსეთის ფედერაციასთან სხვადასხვა დასახელების საქონლით, მათ შორის ავტომობილებით აქტიურად ვაჭრობს. საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ფაქტობრივად შეჩერდა, რაც ჯერ აგვისტოში აშშ-ის სანქციის, შემდეგ კი სექტემბრიდან ევროკავშირის სანქციის ფარგლებში განხორციელდა.

ავტოექსპორტი საქართველოდან 2023 წლის 10 თვეში:

  1. ყირგიზეთი - $493 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 13,286, ერთის საშუალო ფასი $37 ზრდა წინა წელთან 1135%
  2. ყაზახეთი - $479 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 31,354, ერთის საშუალო ფასი $15 ზრდა წინა წელთან 772%
  3. აზერბაიჯანი - $371 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 19,820, ერთის საშუალო ფასი $19 ზრდა წინა წელთან 52%
  4. სომხეთი - $254 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 14,063, ერთის საშუალო ფასი $18 ზრდა წინა წელთან 204%
  5. რუსეთი - $67 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 4,959, ერთის საშუალო ფასი $14 ზრდა წინა წელთან 21%
  6. ტაჯიკეთი - $25 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 2,267, ერთის საშუალო ფასი $11 ზრდა წინა წელთან 148%
  7. ბელგია - $19 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 391, ერთის საშუალო ფასი $49 კლება წინა წელთან -17%
  8. უკრაინა - $14 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 1,451, ერთის საშუალო ფასი $10 კლება წინა წელთან -88%
  9. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $10 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 215, ერთის საშუალო ფასი $50 ზრდა წინა წელთან 11%
  10. თურქეთი - $7 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 345, ერთის საშუალო ფასი $20 ზრდა წინა წელთან 188%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები