2025 წლის პირველ 6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 49 ათასი ავტომობილი გავიდა, რაც ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ეს 2024 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 30%-ით, ანუ 283 მილიონი დოლარით აღემატება.
2024 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების - 628 მილიონი დოლარის ავტომობილები რეექსპორტზე ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყანაში ყირგიზეთში გავიდა, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა $32 000 დოლარი შეადგინა. თავის მხრივ ყირგიზეთში ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია იმიტომ, რომ აღნიშნული ქვეყანა რუსეთის მიმართ დაწესებულ სავაჭრო სანქციებს არ უერთდება და ყირგიზეთიდან დილერები ავტომობილებს რუსეთის ფედერაციაში ყიდიან. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ავტომობილები ყირგიზეთში არც ჩადის და ყირგიზი ავტოდილერები მათ გზიდანვე, რუსეთის ფედერაციაში ყიდიან. ამასთან, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყირგიზეთში საქართველოდან ავტოექსპორტი 52%-ით ($213 მილიონით) გაიზარდა, ასევე 16%-ით ($49 მილიონით) გაიზარდა ავტოექსპორტი ყაზახეთში, სანაცვლოდ კი სომხეთის მიმართულებით ავტოექსპორტი 53%-ით შემცირდა.
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში ავტომობილების ექსპორტი ასე ნაწილდება:
| # | ქვეყანა | მილიონი დოლარი | ავტომობილების რაოდენობა | ერთის საშუალო ფასი | ცვლილება წინა წელთან |
| 1 | ყირგიზეთი | $628 მილიონი დოლარი; | 19,663 ავტომობილი; | $32 ათასი; | 52% |
| 2 | ყაზახეთი | $353 მილიონი დოლარი; | 20,215 ავტომობილი; | $17 ათასი; | 16% |
| 3 | აზერბაიჯანი | $129 მილიონი დოლარი; | 4,432 ავტომობილი; | $29 ათასი; | 7% |
| 4 | ტაჯიკეთი | $33 მილიონი დოლარი; | 1,520 ავტომობილი; | $22 ათასი; | 224% |
| 5 | სომხეთი | $26 მილიონი დოლარი; | 1128 ავტომობილი; | $23 ათასი; | -53% |
| 6 | უზბეკეთი | $16 მილიონი დოლარი; | 563 ავტომობილი; | $29 ათასი; | 451% |
| 7 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | $6 მილიონი დოლარი; | 53 ავტომობილი; | $109 ათასი; | -4% |
| 8 | უკრაინა | $5 მილიონი დოლარი; | 511 ავტომობილი; | $10 ათასი; | 10% |
| 9 | თურქმენეთი | $5 მილიონი დოლარი; | 204 ავტომობილი; | $23 ათასი; | 8466% |
| 10 | მოლდოვა | $3 მილიონი დოლარი; | 240 ავტომობილი. | $15 ათასი; | 105% |




























