სამომხმარებლო ფასების დონე ქვეყანაში იანვარში წლიურად 2%-მდე გაიზარდა, დეკემბერთან შედარებით კი იანვარში ინფლაცია 0,4%-ით დაჩქარდა. ინფლაციის ფორმირებაზე ტრადიციულად დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების ზრდას აქვს. ყველაზე მეტად ამ ჯგუფში ფასები ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით 88%-ით გაძვირდა მწვანილი, კომბოსტოზე ფასი გაიზარდა 63%-ით.
“საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ამას ბაზარზე წარმოქმნილ დეფიციტს უკავშირებს.
“ფასების მატება სახეზეა. ეს მატება გამოწვეულია სეზონურობით. შესაბამის აგროვადებში და შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოხდა მოსავლის დროული მოწევა ადგილობრივი ფერმერების მიერ და ეს არის გარკვეულწილად დროებითი მოვლენა. ასევე ინფლაციური პროცესებია ქვეყანაში, შესაბამისად არის ფასი გაზრდილი, თუმცა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ამინდების გამოსვლასთან და გაზაფხულის დადგომასთან ერთად ადგილობრივი მწვანილის პროდუქციის შემოსვლა და შესაბამისი მიწოდება ბაზრისთვის, რაც უზრუნველყოფს ფასების დასტაბილურებას. შეიძლება ბევრად არ დაიკლოს ფასებმა, მაგრამ ფასები იქნება სტაბილური.
ასევე, ვვარაუდობთ, რომ გვექნება საექსპორტო მოცულობებიც, რომელიც გავა, როგორც ევროპის, ასევე უკრაინისა და რუსეთის მიმართულებით“,- აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი BMG-სთან.
რაც შეეხება ხილს, საქსტატის თანახმად, ხილსა და ყურძენზე იანვარში წლიურად ფასი მცირედით, 1.3%-ით შემცირდა. საპირისპირო ტენდენციაზე საუბრობს “საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი. ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, მაცივრებში არსებული ხილის მარაგები იწურება, რის შემდეგაც ფასი ხილზე მოიმატებს.
„თავისთავად, როცა პროდუქციის ნაკლებობა იქნება ცხადია, ფასები იქნება უფრო მაღალი“,- ამბობს ბეჟიტაშვილი.