მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოს ექსპორტ-იმპორტი შემცირდა - უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $664.1 მილიონია

იმპორტი

საქართველოდან საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2024 წლის იანვარში შემცირდა. წლის დასაწყისისთვის ქვეყნიდან როგორც ექსპორტი ისე იმპორტი შემცირებულია.

ექსპორტის კლება ძირითადად ადგილობრივად წარმოებული საქონლის კლებითა და ამავე დროს მთავარ საექსპორტო მიმართულებებით საქონლის რეალიზების კლებითაა განპირობებული. რაც შეეხება იმპორტს, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებში მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ზრდის შემდეგ მიმდინარე წლის იანვარში ამ დასახელების საქონლის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრდა. შემცირებულია ასევე ნავთოპროდუქტებისა და ნავთობის აირების შემოტანა. იმპორტი შემცირებულია რიგი საიმპორტო მიმართულებების მხრიდან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 მილიარდ 341 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 338 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 26.2%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 10.1%-ით 1 მილიარდ 002 მილიონ დოლარამდე შემცირდა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარში, 664.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია.

2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს
მთლიან ექსპორტში 80.8% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (46.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (41.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (40.9 მლნ. აშშ დოლარი). უნდა აღინიშნოს, რომ ყირგიზეთი საექსპორტო მიმართულებების სათავეში ვაჭრობის ისტორიაში პირველად მოხვდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (203.1 მლნ დოლარი), რუსეთი (148.4 მლნ დოლარი) და ჩინეთი (76.4 მლნ დოლარი).

2024 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი ტრადიციულად მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 112 მლნ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.1%-ს შეადგენს.

მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 19.4 მლნ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 18 მლნ დოლარით (5.3%).

იანვარში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფების რეიტინგს კვლავ მსუბუქი ავტომობილები ხსნის, რომლის იმპორტმა 101.4 მლნ დოლარი და მთელი იმპორტის 10.1% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 80.4 მლნ დოლარით (იმპორტის 8%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 66.8 მლნ დოლარით (იმპორტის 6.7%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები