მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

ენერგო პრო თელასი ელექტროენერგია დენი ნათურა სინათლე შუქი

2024 წლის იანვარში საქართველოს მოსახლეობამ და ბიზნესმა 1.3 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2023 წლის იანვართან შედარებით 11.7 მილიონი კილოვატ საათით, ანუ 1%-ით ნაკლებია.

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება არ უკავშირდება არც “ენერგო პროს” და არც “თელასის” მომხმარებელთა მხრიდან დენის მოხმარების შემცირებას. პირიქით, ამ სეგმენტში მოხმარება 6%-ით გაიზარდა და მან 653 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. ასევე 2%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება ოკუპირებულ აფხაზეთში და ის 325 მილიონი კილოვატ საათია.

2024 წლის იანვარში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიზეზი მსხვილი პირდაპირი მომხმარებლების (ქარხნების და საწარმოების) მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება გახდა. ამ კატეგორიის მომხმარებლებმა სულ 225 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წლიურად 15%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება დენის გამომუშავებას, გაზრდილია ქართული ჰესების გამომუშავება და მან იანვარში 741 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. 2023 წლის იანვართან შედარებით ელექტროენერგიის ეს მოცულობა 98%-ით მეტია, შედეგად ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ საქართველოს მთლიან ენერგეტიკულ მოხმარებაში იანვარში 57%-იანი წილი დაიკავა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2023 წლის იანვარში მხოლოდ 28% იყო.

ზამთრის თვეებში საქართველოს ენერგეტიკის დამოკიდებულება ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაზე შემცირებულია, რაც სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა როგორც სტატისტიკიდან ჩანს, 2024 წლის იანვარი ამ მხრივ შედარებით ხელსაყრელი პირობებით (წყალუხვობით) გამოირჩეოდა, რაც გაზრდილ გამომუშავებაშიც აისახა. აღნიშნულის გამო 2024 წლის იანვარში საქართველომ თბოელექტროსადგურების გამომუშავება 41%-ით შეამცირა, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტმა კი იანვარში 35%-ით იკლო.

სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ყველაზე დიდი მოცულობის - 148 მილიონი კილოვატ საათის ელექტროენერგია ენგურჰესმა გამოიმუშავა, რაც წლიურ ჭრილში 132%-ით არის გაზრდილი. 210%-ით მოიმატა ვარციხეჰესის გამომუშავებამ, ვარდნილჰესების კასკადის გამომუშავება კი 206%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები