საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში სურსათში ფასები წლიურ ჭრილში 2.4%-ით არის შემცირებული, ხოლო ჯანდაცვის სექტორში ფასები წლიურ ჭრილში 3.3%-ით არის შემცირებული. ფასების ზრდა ფიქსირდება ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს, ასევე სხვა სამომხმარებლო ჯგუფებში.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-15.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-4.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (19.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3 პროცენტით, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-7.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3.9 პროცენტი).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (7.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.4 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (4.1 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8 პროცენტი);