საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა. საქსტატის თანახმად, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში - სურსათში ფასები წლიურ ჭრილში 2.7%-ით შემცირდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.8 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (6.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (6.1 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-9.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5.6 პროცენტი).
უფრო დეტალურად, ფასების წლიური ცვლილება ასეთია:
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 10.1%
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6.4%
ტრანსპორტი - 5.1%
განათლება - 3.6%
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 3.4%
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 2.3%
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 0.1%
დასვენება, გართობა და კულტურა - -1.6%
კავშირგაბმულობა - -2.3%
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - -2.7%
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - -3.3%
ჯანმრთელობის დაცვა - -3.8%