2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.9% შეადგინა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით, საბაზო ინფლაციამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.5%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (46.4%), ხილი და ყურძენი (12.9%), თევზეული (9.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8%).
ამასთან, ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-26.3%), პური და პურპროდუქტები (-7.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.2%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.3%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით, რაც
0.58 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია
ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9%), პირადი ჰიგიენა (7.9%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 5%-ით.
შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.52 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.7%),
ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (9.9%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9%-ით, რაც -0.94 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-13.2%). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებასა (3.8%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.7%);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების 7.3%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.6%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.6%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.4%).
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (19.3%), რძე, ყველი და კვერცხი (3.4%), ხილი და ყურძენი (1.7%), თევზეული (1%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.3%).
ამავე პერიოდში ფასები, ძირითადად, შემცირდა პურსა და პურპროდუქტებზე (-1.2%), ასევე ზეთსა და ცხიმზე (-1.1%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6%-ით, რაც 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (1.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8%).
ცნობისთვის: 2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა.