გასული კვირის 4 -10 დეკემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში:
1) საქართველოში ნოემბერში წლიური ინფლაცია 0.1%-მდე შემცირდა
2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1 პროცენტი შეადგინა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.5 პროცენტიანი კლება, რაც -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-3.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-2.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5 პროცენტი), თევზეული (-0.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (0.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.4 პროცენტი).
2) საქართველოში FDI შემცირდა
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 316 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 504 მილიონი დოლარით, ანუ 61%-ით ნაკლებია.
მთლიანად სამი კვარტალის განმავლობაში FDI-მ 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 399 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით ნაკლებია.
დეტალური სტატისტიკის თანახმად, მესამე კვარტალში ინვესტიციების კლება სავალო ვალდებულებების გასტუმრებამ განაპირობა, რამაც 603 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად ინვესტიციების შემომავალი და გამსვლელი ნაკადები ასე გამოიყურებოდა:
- ინვესტიციები სააქციო კაპიტალში - 590 მილიონი დოლარი;
- რეინვესტიციები - 329 მილიონი დოლარი;
- სავალო ვალდებულებების მომსახურება - -603 მილიონი დოლარი.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, სავალო ვალდებულებების მომსახურება ამ მასშტაბის არცერთი სხვა წლის განმავლობაში არ ყოფილა.
3) PISA-ს შედეგები და ქართული განათლების სისტემის მდგომარეობა:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა PISA-ს საერთაშორისო ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა OECD-ის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში განათლების პოლიტიკის ეფექტიანობას ზომავს. საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6,583 მოსწავლე.
გლობალურ ტესტირებაში 81 ქვეყანა და ტერიტორია იყო ჩართული. 15 წლის მოსწავლეები შეფასდნენ მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
საქართველოს შედეგი მათემატიკაში (390 ქულა) მხოლოდ 20 ქვეყანას აღემატება; წაკითხულის გააზრებაში საქართველო (374 ქულა) 14 ქვეყანას ასწრებს, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (384 ქულა) 15 ქვეყანას. ტესტირებაში საუკეთესო შედეგები სინგაპურელმა მოსწავლეებმა აჩვენეს, რომლებიც სამივე მიმართულებით #1 ადგილზე გავიდნენ.
4) ახალი მაგისტრალები გაიხსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, შარშან გახსნილ 5 კმ-იან მონაკვეთს ახალი 6 კმ-იანი მაგისტრალური გზა დაემატა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4-ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულდა და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე გაიხსნა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 64 მილიონ ლარამდეა.
5) ნოემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $3 მილიონით გაიზარდა
ნოემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $3 მილიონი დოლარით გაიზარდა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი სავალუტო რეზერვები 485 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით მთლიანი რეზერვები 5.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც მიმდინარე წლის მოსალოდნელი მშპ-ის (29.9 მილიარდი დოლარის) 17%-ია. შედარებისთვის, ოქტომბერში რეზერვები $154 მილიონი დოლარით შემცირდა, რაც ინტერვენციების გააქტიურებას და საგარეო ვალების მომსახურებას უკავშირდებოდა.
წინა თვეების განმავლობაში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების აქტიურად შესყიდვით იყო დაკავებული. წელს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 1.47 მილიარდი დოლარი ამოიღო, მათ შორის ყველაზე მსხვილი $322-მილიონიანი შესყიდვა აპრილში განახორციელა.
6) სატელეკომუნიკაციო ბაზრის შემოსავლები 15%-ით გაიზარდა
2023 წლის 9 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 582 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77 მილიონი ლარით ანუ 15%-ით მეტია. კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით არის განპირობებული. აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში 5,460,977 აქტიური აბონენტია, რაც წინა წელთან შედარებით 82,000 აბონენტით მეტია. უფრო კონკრეტულად კომპანიების აბონენტთა რაოდენობა და ფინანსური შედეგები მიმდინარე წლის რვა თვეში ასე ნაწილდება:
- “მაგთი” - 2,299,126 აბონენტი, შემოსავალი 286,375,747 ლარი, წლიური ზრდა 16%;
- “სილქნეტი” - 1,859,594 აბონენტი, შემოსავალი 203,217,834 ლარი, წლიური ზრდა 16%;
- “სელფი” - 1,302,257 აბონენტი, შემოსავალი 92,723,715 ლარი, წლიური ზრდა 12%.
7) მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა
2023 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.5%-იანი შემცირებით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში -1.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 12.4%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.2%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.4%-იანი გაძვირებით, რამაც, ჯამური ინდექსის ცვლილებაში შესაბამისად, 5.91 და 4.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
8) ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დასრულების თარიღი ცნობილია
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება - ამის შესახებ BMG-ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ოფიციალური წერილის პასუხად აცნობეს. BMG-მ სამინისტროს არაერთი კითხვით მიმართა, რომელთა ნაწილზეც პასუხი მივიღეთ. მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დღეისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 90% შესრულებულია და აზერბაიჯანის გამოყოფილი საკრედიტო ხაზიდან 756 მლნ დოლარია ათვისებული.
პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება, რის შემდეგაც მარაბდა-კარწახის სარკინიგზო უბანი ექსპლოატაციაში გაეშვება.
9) ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა დაიწყო
„თეგეტა ჰოლდინგმა“ MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსების საქართველოში შემოყვანა დაიწყო. 17 ერთეული MAN Lion's City 18C ამ ეტაპზე საბაჟო პროცედურებს გადის. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ახალი ავტობუსების შემოყვანაზე ჰოლდინგმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიმდინარე წელს გაიმარჯვა. ტენდერის პირობების თანახმად, თბილისის მუნიციპალური პარკისთვის ავტობუსების გადაცემა 2024 წლის პირველი ნახევრიდან უნდა დაწყებულიყო. „თეგეტა ჰოლდინგმა“ კი, როგორც MAN-ის ოფიციალურმა დილერმა საქართველოში, ავტობუსების პირველი ერთეულების შემოყვანა ტენდერით გათვალისწინებულ ვადებზე ადრე უზრუნველყო. ავტობუსების შესყიდვის ღირებულება 240 მილიონი ლარია.
ტენდერის პირობების თანახმად, პირველ ეტაპზე ჰოლდინგი 50 ერთეულ ავტობუსს 2024 წლის 1 აპრილამდე შემოიყვანს. დარჩენილი რაოდენობა კი 2024 წლის ბოლომდე ჩამოვა საქართველოში. ჯამში, დედაქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი 160 ერთეული უახლესი, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებით განახლდება. თბილისისთვის განკუთვნილ MAN Lion's City 18C სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ავტობუსს 4 ასასვლელი კარი აქვს და 162 მგზავრზეა გათვლილი.
10) ოქროს ზოდების ვაჭრობის მოცულობა სებ-ის მოლოდინს აჭარბებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების რეალიზაციის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელთა გაყიდვაც 4 დეკემბერს დაიწყო. როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მედიასთან განმარტავს, ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული.
“ვაჭრობის პირველმა დღემ მოლოდინს გადააჭარბა. 60-მდე მცირე ზომის ოქროს ზოდი და ერთი 1 კგ-იანი ზოდი გაიყიდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული იმისთვის, რომ დაზოგვისა და ინვესტირების უფრო დივერსიფიცირებული საშუალებები შევთავაზოთ დაინტერესებულ პირებს”, - ამბობს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.