PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, იანვარში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 0.8%-ით შემცირდა, თუმცა წლიურად (2025 იანვართან შედარებით) თითქმის 9%-ით გაიზარდა.
2026 წლის იანვარში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 107 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 152 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 229 ლარი. რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, საშუალო ფასი ამ სეგმენტში 416 ლარი იყო.
PMC კვლევითი ცენტრის ცნობითვე, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე მცხეთა-მთიანეთში - 1016 ლარი, თბილისში - 535 ლარი და კახეთში - 518 ლარი იყო.
ანგარიში მიხედვით, 2026 წლის იანვარში 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.3%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი 5.7%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, 2026 წლის იანვარში სასტუმროს ფასების ინდექსი 0.8%-ით შემცირდა 2025 წლის დეკემბერთან შედარებით.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, იანვარში 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.4%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი - 4.4%-ით. მთლიანობაში, 2026 წლის იანვარში სასტუმროს ფასების ინდექსი 8.9%-ით გაიზარდა 2025 წლის იანვართან შედარებით.
კვლევაში წარმოდგენილი საშუალო ფასი მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3, 4, 5-ვარსკვლავიანი და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვებით. ანალიზში შედის booking.com-ზე რეგისტრირებული სტრატიფიცირებულად არჩეული 568 3, 4, 5-ვარსკვლავიანი და 371 საოჯახო ტიპის სასტუმრო. საშუალო ფასები გამოითვლება მიმდინარე თვეში ხელმისაწვდომი სასტუმროების საშუალებით.




























