მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში ვენესუელიდან ნავთობის ექსპორტი გაორმაგდა და დღეში 800,000 ბარელი შეადგინა

ვენესუელა

ვენესუელური ნავთობის ექსპორტი იანვარში გაორმაგდა და დღეში 800,000 ბარელი შეადგინა. შედარებისთვის, დეკემბრის თვეში, ამერიკული ბლოკადის ფონზე მადუროს რეჟიმმა დღიურად მხოლოდ 498,000 ბარელი ნავთობის გაყიდვა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მადუროს დაკავებამდე გამოცხადებული საზღვაო შეზღუდვების გამო ვენესუელას სახელმწიფო ნავთობ-კომპანიას 40 მილიონი ბარელი წიაღისეული საწვავის საცავებში დაბრუნება მოუწია.

ოფიციალური კარაკასის ამჟამინდელი ინფორმაციით, ემბარგოს შეჩერების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა არამარტო გაყიდვები, არამედ ნავთობის წარმოება-დამუშავებაც და დაუახლოვდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, რაც მიუთითებს, რომ ტრამპის ზეგავლენის პირობებში ქვეყანამ წიაღისეულის საწვავის ექსპორტის უწინდებური ტემპით გაგრძელება შეძლო.

თუმცა, როგორც იმპორტიორი ქვეყნები, ისე ანალიტიკოსები მოელიან, რომ ეს რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, რადგან შტატების ლიდერი ვენესუელური ნავთობის ექსპორტით აქტიურადაა დაინტერესებული.

ექსპერტების შეფასებით, გასული წლის შედეგებთან სწრაფად დაბრუნების ერთ-ერთი განმაპირობებელი ისიც იყო, რომ შტატების სახაზინო დეპარტამენტმა გადამზიდავ კომპანიებს ნავთობის გატანის ლიცენზია მისცა, რამაც მეტი კომპანიის დაინტერესება და დასაწყობებული წიაღისეული საწვავის გასაღება უზრუნველყო. სახაზინო დეპარტამენტმა ლიცენზიები მისცა ამერიკულ ნავთობ-კომპანიებსაც, რაც მიუთითებს, რომ უახლოეს მომავალში მოპოვების მასშტაბები მკვეთრად გაიზრდება და უცხოური ბაზრისთვის ერთადერთი მიმწოდებელი ეროვნული PDVSA აღარ იქნება. აღსანიშნავია, რომ იანვრის თვეში ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელური წიაღისეული საწვავის მთავარი იმპორტიორი სახელმწიფო იყო, თუმცა შტატების ლიდერი მოელის, რომ სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის ინდოეთი და ჩინეთი რუსული და ირანული სანქცირებული ნავთობის ჩანაცვლებას სწორედ ვენესუელური ანალოგით დაიწყებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები