თებერვალში ბინების გაყიდვები 8.9%-ით შემცირდა. თბილისში ამ პერიოდში სულ 3 205 ბინა გაიყიდა, რომელთა საერთო ღირებულება 234 მლნ დოლარი იყო. შესაბამისად, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა თებერვალში წლიურად მცირედ - 0.6%-ით შემცირდა.
Colliers Georgia-ს მიერ განახლებული მიმოხილვის მიხედვით, თებერვალში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 2%-იანი კლება ფიქსირდება.
„გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ, რაც ართულებს პირველადი ბაზრის ზუსტი სურათის აღქმას.
ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია - 2024 წლის თებერვალთან შედარებით მაჩვენებელი 27.2%-ით არის შემცირებული“, - აღნიშნულია განახლებაში.
რაც შეეხება ღირებულებას, 2025 წლის თებერვალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით ფართო ცენტრში 12.6%-ით გაიზარდა, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში კი 6.2% და 5.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
დედაქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით ფართო ცენტრში 20.4%-ით გაიზარდა, გარეუბანში 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 7.1%-ით მოიმატა.
„ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის თებერვალში ერთბაშად ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები დარეგისტრირდა, რამაც საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება გამოიწვია. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 3.9%-ით გაიზარდა“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.