მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია "ციფრული მომთაბარეების ვიზას" მომავალი თვიდან აამოქმედებს - რა უნდა ვიცოდეთ?

იაპონია

იაპონია მომავალი თვიდან ციფრულ მომთაბარე ვიზას აამოქმედებს, რომელიც 49 ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის, მოქალაქეებს, ქვეყანაში 6 თვის ვადით დარჩენის საშუალებას მისცემს.

იაპონია უცხოელებისთვის საზღვრებს ხსნის, რისი მიზანიც ქვეყნის ეკონომიკისა და საერთაშორისო დონეზე მისი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაა. იაპონიის შრომის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, იაპონიაში 2 მილიონზე მეტი უცხოელია დასაქმებული.

რა არის ციფრული მომთაბარე ვიზა? - დოკუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევს, დისტანციურად მუშაობის პარალელურად, დარჩე სხვა ქვეყანაში უფრო ხანგრძლივი დროით, ვიდრე ამის საშუალებას ჩვეულებრივი, სამოგზაურო ვიზა გაძლევს. თუმცა დარჩენის ხანგრძლივობა და სხვა პირობები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.

ვის შეუძლია იაპონიის ციფრული მომთაბარე ვიზის მოთხოვნა? - როგორც უკვე აღვნიშნეთ, ციფრულ ვიზას 49 ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ. მათ შორისაა სახელმწიფოები, რომლებსაც იაპონიასთან საგადასახადო ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, ან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. ამავდროულად, ახალი ტიპის ვიზას მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ასევე საქართველოს, სომხეთის, ბელორუსიის, ისლანდიის, ლიხტენშტაინის, მოლდოვას, მონაკოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, სერბეთის, შვეიცარიის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას. კონტინენტური ევროპის მიღმა კი ციფრული მომთაბარე ვიზა ვრცელდება ავსტრალიის, სამხრეთ კორეის, სინგაპურისა და აშშ-ის მოქალაქეებზე.

ციფრული მომთაბარე ვიზა შედარებით გამარტივებული წესით გაიცემა IT სფეროს სპეციალისტებზე - მათზე, ვინც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დისტანციური ფორმით მუშაობენ, ან საზღვარგარეთ არიან თვითდასაქმებულები. აღსანიშნავია, რომ მათ შორის მოიაზრებიან ციფრული კონტენტ კრეატორებიც, რომლებიც შემოსავალს უცხოური სარეკლამო განთავსებით იღებენ.

რა არის საჭირო, ციფრული მომთაბარე ვიზის მისაღებად? - იაპონიის ციფრული მომთაბარე ვიზის აპლიკანტების მინიმალური შემოსავალი, წლიურად, 10 მილიონ იაპონურ იენს, ანუ 62,7 ათას ევროს უნდა აღწევდეს. აუცილებელია ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის ქონაც.

ვიზა მოგზაურებს საშუალებას აძლევთ, იაპონიაში 6 თვით დარჩნენ, 2-ჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე “მოკლე ვადიანი” ვიზიტორები, რომლებიც უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. ვიზის განახლება იაპონიის დატოვებიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგაა შესაძლებელი.

ვიზით სარგებლობის საშუალება ეძლევათ აპლიკანტის ოჯახის წევრებს - მეუღლეებსა და შვილებსაც - იმ შემთხვევაში, თუ ისინიც სარგებლობენ ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით. აპლიკანტებს იაპონიის მოქალაქეობაზე განცხადების შეტანა ეკრძალებათ და არც საცხოვრებლის 6 თვეზე მეტი ვადით ქირაობის შესაძლებლობა ეძლევათ.

ციფრული მომთაბარე ვიზა, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები