მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიამ უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული $1.3 მილიარდი გადასცა

უკრაინა

მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში უკრაინამ იაპონიისგან თითქმის 1.3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო. ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტისა და სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად არის გამოყოფილი.

პრემიერ-მინისტრის მოადგილის, იულია სვირიდენკოს განცხადების თანახმად, დაფინანსება მსოფლიო ბანკის პროექტის - "მშვიდობა უკრაინაში" (PEACE in Ukraine) ფარგლებში გადმოირიცხა. მან დაადასტურა, რომ თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო ფონდში ჩაირიცხა და სოციალურ ხარჯებს მოხმარდება.

"ეს დახმარება უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა სვირიდენკომ.

ეს დაფინანსება იაპონიის მიერ G7-ის მექანიზმის - "უკრაინისთვის საგანგებო შემოსავლების დაჩქარების" (ERA) ფარგლებში გაცემულ მეორე ტრანშს წარმოადგენს.

ინიციატივა ფინანსდება გაყინული რუსული სუვერენული აქტივებიდან მიღებული მოგებით და მისი მიზანი უკრაინის მხარდასაჭერად ჯამში 50 მილიარდ დოლარამდე მობილიზებაა.

2022 წლის თებერვლიდან იაპონიის მიერ უკრაინისთვის გაწეულმა ჯამურმა საბიუჯეტო დახმარებამ 10.7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, მათ შორის 2.7 მილიარდ დოლარზე მეტი გრანტების სახით გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები