იაპონიის საკანონმდებლო ორგანომ დღეს, 21 ოქტომბერს მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრად სანაე ტაკაიჩის არჩევას. საუბარია ულტრაკონსერვატივ პოლიტიკოსზე, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება. მან პარლამენტის ქვედა პალატაში დეპუტატთა ნახევარზე მეტის, 237 კანონმდებლის მხარდაჭერა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტაკაიჩის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ საკუთარი კანდიდატის გაყვანა მემარჯვენე “ინოვაციების” პარტიასთან კოალიციაზე შეთანხმების შემდეგ შეძლო.
ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის კაბინეტში მხოლოდ 3 ქალი იქნება წარმოდგენილი, რაც ტაკაიჩის პიროვნების გათვალისწინებით გასაკვირი არ არის. მას დასავლური მედია იაპონელ მარგარეტ ტეტჩერსაც უწოდებს, რადგან ლეგენდარული პოლიტიკოსის ხედვები ტაკაიჩის შეხედულებებს არაერთ საკითხში, მათ შორის ქალთა წარმომადგენლობის კუთხითაც ემთხვევა. ახალი პრემიერ-მინისტრი კრიტიკულადაა განწყობილი ერთნაირ სქესიანთა ქორწინების მიმართ, ასევე უჭერს მხარს სამეფო ტახტზე მხოლოდ კაცი მემკვიდრეების აყვანას. ის იაპონურ პოლიტიკაში “ქორების” ჯგუფის წარმომადგენლად მიიჩნევა. საუბარია პოლიტიკოსების კატეგორიაზე, რომელთა პრიორიტეტიც სამხედრო შესაძლებლობების მაქსიმალურად გაზრდა და ამერიკასთან ურთიერთობების დაახლოებაა.
რაც შეეხება თავად სანაე ტაკაიჩის ბიოგრაფიას და პოლიტიკურ გზას პრემიერ-მინისტრობამდე, ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ შეიტყოთ ჩვენს სტატიაში.



























