იაპონიაში რეკორდულ თოვლს ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ინფორმაციას Al Jazeera ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (NHK) ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის მთავრობამ სამშაბათს დაზარალებულ რეგიონებში დასახმარებლად ჯარის გაგზავნის ბრძანება გასცა.
NHK-ის ცნობით, ხელისუფლებამ მოსახლეობას ზვავსაშიშროებისა და სახურავებიდან თოვლის ჩამოვარდნის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ასევე აღინიშნა, რომ სტიქიის ეპიცენტრებში შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდეს.
ბოლო მონაცემებით, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აომორიში თოვლის საფარმა 175 სმ-ს მიაღწია, რაც წელიწადის ამ დროისთვის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ქალაქის ზოგიერთ უბანში თოვლის სიმაღლემ 183 სმ შეადგინა და 1986 წელს დამყარებული 40-წლიანი რეკორდი (181 სმ) მოხსნა.
NHK-ის ცნობით, თოვლის საფარმა სულ მცირე 135 სმ-ს მიაღწია რამდენიმე სხვა ქალაქშიც.
სახანძრო და კატასტროფების მართვის სააგენტოს მონაცემებით, 20 იანვრიდან 3 თებერვლამდე პერიოდში დიდთოვლობას 30 ადამიანი ემსხვერპლა.
NHK იტყობინება, რომ იაპონიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ნიიგატას პრეფექტურაში სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ჩრდილოეთ იაპონიის აკიტას პრეფექტურაში - 6, ჰოკაიდოზე - 3, აომორიში - 2, ხოლო ოთხ სხვა პრეფექტურაში - თითო-თითო.
NHK-ის ინფორმაციით, თოვლთან დაკავშირებული ინციდენტების შედეგად სულ 290 ადამიანი დაშავდა, ნაწილი მათგანი - მძიმედ.
მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი თოვლი მოვიდა. საინფორმაციო სააგენტო Kyodo განმარტავს, რომ ამის მიზეზი არქტიკიდან შემოსული ცივი ჰაერის მასებია, რომელიც იაპონიის არქიპელაგზე გაჩერდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას მოახდენს დიდთოვლობა კვირას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.




























