მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში ელექტროენერგიის გამომუშავებას თოვლითაც აპირებენ

63ccd7d473a81
BM.GE
22.01.23 10:35
3225
მდგრადი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად და ნებისმიერი ტიპის ენერგოდეფიციტის თავიდან ასაცილებლად, იაპონიის ქალაქ აომორში მომუშავე მკვლევრებმა თოვლის გამოყენებით ელექტროენერგიის მიღება გადაწყვიტეს. აომორი, რომელიც ტოკიოს ჩრდილოეთით, 715 კილომეტრში მდებარეობს, დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე უხვთოვლიან ტერიტორიად მიიჩნევა, სადაც თოვლის საფარი 7-8 მეტრს აღწევს.

აიმორის IT-სტარტაპ Forte-სა და ტოკიოს ელექტროკომუნიკაციების უნივერსიტეტის გეგმა ამბიციური და მიმზიდველია, თუმცა დიდ დროს, რესურსებსა და ფინანსებს მოითხოვს. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ თოვლის დიდი რაოდენობა, რომელიც აომორში ყოველწლიურად მოდის, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სუფთა და ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. The Japan Times-ის ინფორმაციით, ჯგუფმა იდეის გამოცდა მიტოვებული სკოლის შენობის საცურაო აუზში უკვე დაიწყო.

კვლევის პროცესში, ელექტროენერგიის მწარმოებელი ტურბინის ასამუშავებლად, იაპონელი მეცნიერები თოვლის დიდი რაოდენობისა და ღია სივრცის ჰაერის გამოყენებას გეგმავენ, რომელსაც მზისგან გარკვეული სითბოს მიღების ხარჯზე უფრო მაღალი ტემპერატურა აქვს, ვიდრე თოვლის გარშემო არსებულ ჰაერს. ტურბინის შიგნით არსებული გამაგრილებელი სითხისთვის ცივი ჰაერისა (შენახული თოვლიდან) და ცხელი ჰაერის (გარედან) მისაწოდებლად, მკვლევრები სითბოს მილებს გამოიყენებენ. ცივ და ცხელ ჰაერს შორის ტემპერატურული სხვაობა ტურბინის გამაგრილებელში კონვექციის ნაკადს გაზრდის და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ავტორების მტკიცებით, თოვლის დახმარებით ელექტროენერგიის მიღება მზის ელექტროსადგურებისგან ენერგიის გამომუშავების მსგავსი ეფექტიანობით გამოირჩევა, თუმცა ამასთან ერთად შესაძლოა ბევრად ეკონომიურ მეთოდადაც ჩაითვალოს. სისტემის ეფექტიანობა ასევე დამოკიდებულია ტემპერატურის სხვაობის ფაქტორზე – რაც უფრო დიდია სხვაობა, მით მეტია ელექტროენერგიის გამომუშავების ეფექტიანობაც.

ახალი მიდგომა, შესაძლოა, სასარგებლო იყოს ევროპის მრავალი ქვეყნისთვისაც, რომლებიც, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. მსგავსი ქვეყნების უმეტესობაში თოვლის სიმცირე არც არის, რაც მათ რესურსის სუფთა ენერგიის წარმოებისთვის გამოყენების საშუალებას აძლევთ.

Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები