მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში ინფლაციამ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

იაპონია

იაპონიაში წლიურმა საბაზო ინფლაციის დონემ 3.8%-ს მიაღწია, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.

ინფლაციის დონის ზრდა, უმეტესწილად, რეკორდულად გაუფასურებული ეროვნული ვალუტითა და მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად გაძვირებული სურსათითა და ენერგოპროდუქტებითაა განპირობებული.

გარდა ინფლაციის დონის ზრდისა, ქვეყანა რეცესიის საფრთხის წინაშეც დგას. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იაპონიის ეკონომიკა 1.2%-ით შემცირდა, რაც ეკონომისტებისა და ექსპერტებისთვის მოულოდნელი იყო.

ინფლაციის დონის ზრდისა და ეროვნული ვალუტის 30%-ით გაუფასურების მიუხედავად, იაპონიის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებს. ნაცვლად ამისა, ბანკმა სავალუტო ინტერვენციების განხორციელების სტრატეგია აირჩია.

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო შეხვედრაზეც ძირითადი განაკვეთი ისევ უცვლელად, ნეგატიურ, -0.1%-იან ნიშნულზე დარჩა. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მარეგულირებელი ორგანოს მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ, მიუხედავად გაზრდილი ინფლაციისა, ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებს.

ზოგადად, იენის გაუფასურება რამდენიმე გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.

როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია.