მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიაში The Super Mario Bros-ის საუნდტრეკების ფირფიტას გამოუშვებენ

მარიო

იაპონია, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ბევრი რამით არის ცნობილი და უცნაური ნივთების გამოშვება ერთ-ერთი ის თვისებაა, რომელიც იაპონიას ყველა სხვა ქვეყნისგან გამოარჩევს. ამჯერად, იაპონიაში The Super Mario Bros-ის ფრენჩაიზის თამაშები გაიხსენეს, რომელთა საუნდტრეკებისთვის ფირფიტას გამოუშვებენ. საუბარია სამ ორმხრივ ფირფიტაზე, რომლებზეც ჯამში 179 კომპოზიცია და ხმოვანი ეფექტი იქნება დატანილი. ფირფიტა, რომელიც $74 ღირს, ოფიციალურად, 2025 წლის აპრილიდან გაიყიდება.

The Super Mario Bros-ის ფრენჩაიზის ფარგლებში მსოფლიომ არაერთი ვიდეოთამაში იხილა, რომელთაც არამხოლოდ გააცნეს ვიდეოთამაშები მილიონობით ადამიანს, არამედ მნიშვნელოვნად განავითარეს თავად ინდუსტრია. ფრენჩაიზის თამაშები დღემდე პოპულარულია, ხოლო თავად მარიო, ლუიჯი და ვიდეოთამაშის სხვა პერსონაჟები ლეგენდებთანაა გათანაბრებული. შედეგად, The Super Mario Bros-ის ფრენჩაიზი კომერციულად ძალზე მოგებიანია, ანუ Nintendo-ს მიერ ამ წარმატებით კაპიტალიზაცია, სავსებით გასაგები და ლოგიკურია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ გასული წლის ნოემბერში, Nintendo-მ მუსიკალური სტრიმინგის აპლიკაცია შექმნა, სადაც ვიდეოთამაშების მუსიკას მოუყარა თავი.

The Super Mario Bros-ი კაცობრიობამ პირველად 1985 წელს იხილა და მას შემდეგ, მილიონობით მოთამაშის გული მოიგო. ვიდეოთამაში, რომელიც NES-ის კონსოლისთვის შეიქმნა, მარიოს სახელით ცნობილი იტალიელი სანტექნიკოსის და მისი ძმის, ლუიჯის ისტორიას გვიყვება, რომლებიც ბოროტი ბაუზერისგან სოკოს სამეფოს პრინცესის, ფიჩის გათავისუფლებას ლამობენ. იმ დროისთვის, The Super Mario Bros-ის იდეა, ფერები და მექანიკა რევოლუციური იყო, რითაც მილიონები მოიხიბლნენ. 2024 წლის მონაცემებით, Nintendo-მ ფრენჩაიზის ვიდეოთამაშების 900 მილიონზე მეტი ერთეული გაყიდა, რითაც $55 მილიარდზე მეტი იშოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები