მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნა

იაპონია

იაპონიის პრემიერ მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო უწყება ოფიციალურად 23 იანვარს შეწყვეტს საქმიანობას, თავად არჩევნები კი 8 თებერვალს გაიმართება.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით ტაკაიჩის პარლამენტში მყარი უმრავლესობის მოპოვება და პოზიციების გამყარება სურს. როგორც ცნობილია, ამჟამად ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება კოალიციურადაა დაკომპლექტებული, რაც პრემიერ მინისტრს სასურველი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური რეფორმების გატარებაში ხელს უშლის. აღსანიშნავია, რომ ტაკაიჩი ქვეყნის ლიდერად გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს. ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის მთავარ წინაპირობად კი პოლიტიკოსის მაღალი რეიტინგია. ტაკაიჩი მოელის, რომ ამჟამად არსებული საზოგადოებრივ მხარდაჭერას სადეპუტატო მანდატებში გარდაქმნის და მისი ლიბერალ დემოკრატიული პარტია ახალი მთავრობის დაკომპლექტებას სრულიად დამოუკიდებლად შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ტაკაიჩის მიერ არჩევნების ჩანიშვნას როგორც პარტიისა და კოალიციის შიგნით, ისე ოპოზიციაშიც კრიტიკულად ხვდებოდნენ, რადგან პარლამენტის დაშლით საბიუჯეტო პროექტის განხილვა გადაიდება. განმარტებისთვის, იაპონიაში ფისკალური წელი აპრილის თვეში იწყება, საკანონმდებლო ორგანო კი მომავალი 12 თვის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას იანვრის მეორე ნახევრიდან იწყებს და მარტის ბოლომდე ასრულებს. სავარაუდოდ, მომავალ პარლამენტს განხილვების დაწყების მარტის თვემდე გადატანა მოუწევს. შესაბამისად, მთავარი საფინანსო დოკუმენტი, ყველაზე ადრე, ივნისის მიწურულს დამტკიცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები