Japan Airlines ზოგიერთ საერთაშორისო მოგზაურს შიდა ფრენებზე უფასო ბილეთს სთავაზობს - ამის შესახებ Euronews წერს.
მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანიის ადგილობრივი ქსელი 64 აეროპორტსა და 133 მარშრუტს მოიცავს. კომპანია იმედოვნებს, რომ უფასო ფრენა მგზავრებს წაახალისებს იაპონიის ის რეგიონები მოინახულონ, რომლებიც ტურისტებში პოპულარობით არ სარგებლობს.
ავიაკომპანიის შეთავაზება ითვალისწინებს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის 17 ძეგლის მონახულებას, დიდი ქალაქებიდან ქვეყნის ჩრდილოეთით, ჰოკაიდოს კუნძულზე დასვენებას, სამხრეთით, კოგოშიმაში ვიზიტს და ა.შ.
"იაპონიის ავიახაზების" გეგმა, იაპონიის პერიფერიებისკენ უპრობლემო მოგზაურობის გამოცდილება შექმნას, ქვეყანას ჭარბი ტურიზმის განეიტრალებაშიც დაეხმარება.
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ფრენას იაპონიის მიმართულებით Japan Airlines-ის საშუალებით შეასრულებთ. ამასთან, უფასო ბილეთის გააქტიურებისთვის საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენები ერთ რეზერვაციაში უნდა მოექცეს. იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურები აშშ-დან, კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან დანიშნულების პირველ წერტილში 24 საათზე მეტი დროით დაყოვნებას აპირებენ, მათზე ტურისტული მოსაკრებელიც გავრცელდება.
Japan Airlines-ი უფასო ფრენებს აშშ-ს, კანადის, მექსიკის, ტაილანდის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეებს სთავაზობს. 25 სექტემბრიდან კი შეთავაზება ვიეტნამის, ფილიპინების, ინდონეზიის, ინდოეთისა და ჩინეთის მოქალაქეებისთვისაც გაიხსნება.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ სექტემბრის ბოლოდან შეთავაზება კიდევ უფრო მეტ ქვეყანას დაფარავს.