იაპონიის მთავრობა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას აანონსებს. ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში იაპონია უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში მონაწილეობის მიღების მზაობას გამოხატავს.
ომის დაწყებიდან დღემდე, იაპონიას უკვე აქვს გამოყოფილი 10 მილიარდი დოლარის დახმარება, რაც მას რიგით მეოთხე უმსხვილეს დონორად აქცევს უკრაინისათვის.
ამჯერად საუბრის თემა კერძო სექტორის ჩართულობას უკავშირდება. როგორც პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, იაპონურ კომპანიებს ექნებათ იმის საშუალება, რომ მათ უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში მიიღონ მონაწილეობა და ამის სანაცვლოდ ისეთი საგადასახადო შეღავათებითა და სპეციალური პირობებით ისარგებლონ, როგორიც სხვაგან უბრალოდ არ არსებობს.
შმიგალი იმასაც ამბობს, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინაში ნამდვილი ეკონომიკური სასწაული დაიწყება და ის კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ახლა ჩადებენ ინვესტიციას, მომავალში უდიდეს სარგებელს მიიღებენ.