მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიის პრემიერმა ეკონომიკური ცენტრი გახსნა და სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრა

იაპონია

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ “ეკონომიკური სტრატეგიის სათავო ოფისი”, ანუ ახალი ეკონომიკური ჰაბი გახსნა.

როგორც ქვეყნის ლიდერი განმარტავს, ოფისის დანიშნულება საჯარო ინვესტიციების მოზიდვით იაპონიის ეკონომიკის გაძლიერება იქნება. ახალი ჰაბის გახსნის ცერემონიაზე ტაკაიჩიმ საკუთარ ეკონომიკურ სტრატეგიაზეც ისაუბრა და დადო პირობა, რომ პასუხისმგებლიან და აქტიურ ფისკალურ პოლიტიკას გაატარებს, რათა მიწოდების ჯაჭვები გაძლიერდეს, შემოსავალი გაიზარდოს და კორპორაციებმა გაცილებით დიდი მოგების მიღება შეძლონ. როგორც მან განმარტა, ყველა ამ ნაბიჯის გადადგმაში და აღსრულებაში მნიშვნელოვან როლს სწორედ მის მიერ გახსნილი ეკონომიკური ჰაბი ითამაშებს.

ამავე ღონისძიებაზე, მან თავის ახალ ეკონომიკურ სტრატეგიაზეც ისაუბრა და გამოყო 17 ძირითადი მიმართულება, რაზეც იაპონია მეტ ყურადღებას გაამახვილებს. მათ შორის იქნება ნახევარგამტარების წარმოება, ხელოვნური ინტელექტის მეტი დანერგვა, ასევე საავიაციო და საზღვაო ხომალდების აგება. ტაკაიჩის განმარტებით, 17-ვე გამოკვეთილ მიმართულებაზე ხელისუფლება დამატებით თანხას ჩადებს.

მეტი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა 12 ექსპერტისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭოც ჩამოაყალიბა. მათი მოვალეობა ახალი შესაძლებლობების მოძიება და რეალურ ინვესტიციებად ქცევა იქნება. პარალელურად, ტაკაიჩიმ მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს საკუთარ მიმართულებებზე საჯარო თუ კერძო საინვესტიციო პოტენციალის ზუსტად დადგენა და ისეთი გეგმის შედგენა დაავალა, რომლის წარდგენაც ინვესტიციების მოზიდვის მიზნით უცხოურ თუ ადგილობრივ კომპანიებთან შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები