საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა იაპონური ჰოლდინგის Gojo & Company-ის მმართველ პარტნიორს, არნო ვენტურას შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში არნო ვენტურამ ქართულ მხარეს Gojo ჯგუფის სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა იაპონური მხარის ინტერესი საქართველოში ინვესტიციების ზრდის მიმართულებით.
„საქართველო ჩვენთვის საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტირების თვალსაზრისით, რადგან გვჯერა საქართველოს გრძელვადიანი წარმატების. შესაბამისად, ვგეგმავთ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების გაზრდას“, – განაცხადა Gojo & Company-ის მმართველმა პარტნიორმა.
Gojo & Company ერთ-ერთ უმსხვილეს იაპონურ ინვესტორს წარმოადგენს ქართულ საფინანსო სექტორში. იაპონური კომპანია 2024 წელს „კრედო ბანკის“ აქციონერი გახდა და ამჟამად ბანკის 33.23%-ს ფლობს.
„კრედო ბანკის“ მონაცემებით, 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ბანკის მთლიანი აქტივების მოცულობა 3.7 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საკრედიტო პორტფელის მოცულობა 3 მილიარდ ლარს შეადგენს.
მარეგულირებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი და საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანა დევიძე.




























