მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონური იენი 18-თვიან მინიმუმამდე დაეცა - Reuters

იენი დოლარი

იაპონური იენის კურსი 1.5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამის მიზეზი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ინვესტორთა მოლოდინებია.

კერძოდ, Reuters-ის თანახმად, იენი დოლართან მიმართებით 0.2%-ით გაუფასურდა და 159.45 შეადგინა, რაც 2024 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე სუსტი მაჩვენებელია. კურსის აღდგენის მცდელობა ხუთწლიან სახელმწიფო ობლიგაციებზე დაბალი მოთხოვნის გამო შეფერხდა. ბოლო მონაცემებით, კურსი 159.215-ის ნიშნულზე დასტაბილურდა.

ადგილობრივი მედია Yomiuri წერს, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი ქვედა პალატის ვადამდელი არჩევნების 8 თებერვალს ჩატარებას განიხილავს. ინფორმაცია Reuters Tankan-ის გამოკითხვის პარალელურად გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, იანვარში იაპონელ მწარმოებელთა ნდობა ექვსთვიან მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა მაჩვენებელი მაინც პოზიტიურ ზონაში რჩება.

ვინაიდან იენი დოლართან მიმართებით 160-იან ნიშნულს უახლოვდება, ტრეიდერები იაპონიის ხელისუფლების მხრიდან ვალუტის დასაცავად შესაძლო ინტერვენციის მოლოდინში არიან.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის ინფორმაციით, მმართველი "ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია" (LDP) ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის დაშლას მიმდინარე თვის ბოლოს, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას კი, სავარაუდოდ, თებერვალში გეგმავს. იაპონურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ მმართველ პარტიას სურს, პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის მაღალი რეიტინგი მმართველი კოალიციის პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს. გამოცემა Nikkei-ის კვლევის თანახმად, ტაკაიჩის მხარდაჭერის მაჩვენებელი ისტორიულ ნიშნულზე - 75%-ზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები