იაპონური იენი დოლართან მიმართებით, 1986 წლის შემდეგ, რეკორდულად გაუფასურდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, ოთხშაბათს იენის გაცვლითი კურსი 1 დოლარზე 160.39 იენი იყო - ბოლოს ასეთი კურსი 1986 წელს დაფიქსირდა, როდესაც ორი ქვეყნის საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებულმა სხვაობამ მნიშვნელოვნად შეასუსტა იაპონური ვალუტა.
ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ტრეიდერები იაპონიის ფინანსთა მინისტრისა და ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას აფასებდნენ - ფინანსურმა უწყებებმა აპრილ-მაისის შუალედში, მას შემდეგ რაც 1 დოლარის ღირებულებამ 160 იენს გადააჭარბა, $62 მილიარდი დახარჯეს ვალუტის გამყარებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ საპროცენტო განაკვეთები მიმდინარე წელს უკვე გაზარდა 0-დან 0.1%-ის ფარგლებში, აშშ-ში იგივე მაჩვენებელი 5.25-დან 5.5%-მდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებს დოლარის აქტივებზე უფრო მეტი შემოსავალი აქვთ, ეს კი იენს დოლართან მიმართებით აუფასურებს.
არსებობს შანსი, რომ იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი კიდევ ერთხელ, ივლისში გაზარდოს, რაც იენის გამყარებას შეუწყობს ხელს, თუმცა, გრძელვადიანი ეფექტი, სავარაუდოდ, აშშ-ის ფედერალური რეზერვის საპროცენტო განაკვეთის შემცირებასაც მოითხოვს.