მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონური იენი რეკორდულად გაუფასურდა

იაპონური იენი

საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე იაპონური იენის ღირებულება მკვეთრად ეცემა - ერთწლიან ჭრილში, იაპონიის ეროვნულის ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით თითქმის 13%-ით გაუფასურდა. ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ 153 იენის შეძენაა შესაძლებელი. შედარებისთვის, 2022 წლის დასაწყისში გაცვლითი კურსი 115 იენს შეადგენდა.

იენის გაუფასურება რამდენიმე გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.

ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად მაღალი ინფლაციისა, იაპონიის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0%-იან ნიშნულზე ინარჩუნებს, ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკი კი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებას აქტიურად განაგრძობენ.

იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავის შეკავების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი, იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.

როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია. ამჟამად იაპონიაში რეფინანსირების განაკვეთი 0%-ის ფარგლებშია, რაც იენს ინვესტორთათვის არამიმზიდველ ვალუტად აქცევს, ამერიკულ დოლარს კი - პირიქით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები