Bloomberg-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველი იანვრიდან დღემდე იაპონურმა კომპანიებმა, რომლებმაც აქციები საფონდო ბირჟაზე პირველად განათავსეს, $8 მილიარდის კაპიტალი მოიზიდეს. როგორც მედია იუწყება, მსგავსი შედეგი ამომავალი მზის ქვეყანას 2018 წლის შემდეგ აღარ დაუფიქსირებია. როგორც Bloomberg-ი წერს, მსგავსი შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული წვლილი მეტალურგიულმა კომპანია JX Advanced Metals Corp.-მა, ასევე მსხვილმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, SBI Shinsei Bank Ltd.-მა შეიტანეს. მათ ყველაზე დიდი რაოდენობის ინვესტიციების მოზიდვა მოახერხეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო წლების ყველაზე წარმატებული შედეგი იაპონიამ იმიტომ დადო, რომ ბირჟაზე არაერთი გამოცდილი და მასშტაბური კომპანია შევიდა. ინვესტორები კი ყოველთვის დადებითად ხვდებიან ბლოკბასტერული აქტორების მიერ აქციების პირველად განთავსებას.
აღსანიშნავია, რომ კაპიტალის რეკორდული რაოდენობის მოზიდვის მიუხედავად, მკვეთრად შემცირდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც საფონდო ბირჟებზე ყოველწლიურად “ილისტებიან”. არსებული ინფორმაციით, წელს საფონდო ბირჟებზე აქციები მხოლოდ 110-მა კომპანიამ განათავსა, ასეთი შედეგი კი 2013 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ანალიტიკოსების შეფასებით, ამაში უარყოფითი არაფერია, რადგან წვრილი და ნაკლებად ეფექტური აქტორების მაგივრად, ბირჟაზე მსხვილი და გამოცდილი მოთამაშეები გამოდიან, რაც რეალურად უკეთეს შედეგს უზრუნველყოფს. ამასთან, მიუთითებს ტენდენიცაზე, რომ დიდი კომპანიები პატარებს იერთებენ და გაერთიანებული ძალებით გაცილებებით უფრო ეფექტურები ხდებიან.




























