მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ICCA-ის ორგანიზებით, სამშენებლო სექტორი ბექა ფერაძეს შეხვდა

6059d9c4a0e6b
ინგა მურუსიძე
23.03.21 16:35
742
ICCA-მ შრომის კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, სამშენებლო სექტორისათვის საინფორმაციო შეხვედრას გაუწია ორგანიზება.

როგორც bm.ge-ის ა(ა)იპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციიდან“ აცნობეს, საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც სამშენებლო, დეველოპერი და მასალების მწარმოებელი კომპანიები ესწრებოდნენ, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ და სამსახურის იურისტმა კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოქმნილ აქტუალურ კითხვებს უპასუხეს.

ვინაიდან კერძო სექტორში განსაკუთრებული ინტერესი არსებობს 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესულ და მიმდინარე წლის 1 მარტიდან შრომის კანონმდებლობაში ამოქმედებულ ბრძანებასთან მიმართებაში, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმასთან დაკავშირებით, საუბრის დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნულ თემას დაეთმო.

„ჩვენ შრომის კოდექსში შესულ ძირეულ ცვლილებებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები მივიღეთ. ამასთან, საუბრისას, შევეხეთ ასოციაციის მიერ ინიცირებულ წინადადებას, რომელიც დამცავი მოაჯირების მოწყობისა და ექსპლუატაციის მიმართ არსებული მოთხოვნების გადახედვას უკავშირდება, რომელიც სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით არის განსაზღვრული. დღეს მოქმედი ნორმა კომპანიებისთვის ზედმეტ და არამიზნობრივ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, და, შესაბამისად, მათ უძვირებს სამუშაოების წარმოებას. აღნიშნული ნორმის გადახედვის შესახებ შუამდგომლობა გავგზავნეთ ბიზნესომბუდსმენის აპარატის მეშვეობით, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში და ველოდებით რეაგირებას ამ საკითხზე“, - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა.

შრომის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ასევე, რამდენიმე ძირეული საკითხი მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ: ზეგანაკვეთური მუშაობა, ცვლაში მუშაობა და ა.შ. რაც სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად აქტუალურია.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები