მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო სექტორს შეუძლია ექსპორტზე ინტელექტუალური შრომა გაიტანოს - ირაკლი ტყებუჩავა

ირაკლი ტყებუჩავა

დაბალი კვალიფიკაცია, ფინანსური და ადამიანური კაპიტალის სიმცირე, განვითარებული თანამედროვე ტექნოლოგიები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ გამოწვევებისა, რის გამოც ქართული სამშენებლო კომპანიები საზღვარგარეთ ტენდერებში მონაწილეობას ვერ იღებენ.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-სთან ამბობს, რომ დღეს სექტორი საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად მზად არ არის და კომპანიების დიდ ნაწილს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ქვეყნის შიგნით მშენებლობის ბუმის დასრულების შემდეგ, სხვა ბაზრებზე შესვლაზე იფიქროს.

„რამდენად ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის?! თუ გვინდა, საქართველოს პატარა ბაზარზე ჩავიკეტოთ და კონკურენცია ისე გაიზარდოს, რომ მოგება არავის დაგვრჩეს?!  ამდენად, სამშენებლო სექტორმა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, როგორ შევიდეთ ევროპის და შუა აზიის ბაზრებზე; როგორ მოვახდინოთ ჩვენი სერვისების ექსპორტი საზღვარგარეთ.  სამწუხაროდ, ვფიქრობ ამაზე არც სამშენებლო კომპანიები ვფიქრობთ და არც სახელმწიფოსთვისაა პრიორიტეტული მიმართულება“,-აცხადებს „რეფორმას“ გენერალური დირექტორი გეგი ქელბაქიანი.

„გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა კი bm.ge-სთან განმარტავს, რომ ქართულ კომპანიებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ პროექტებში მონაწილეობა შეზღუდული არ აქვთ პროექტირების ეტაპზე და მათ გამოცდილ კომპანიებთან კოოპერაციით შეუძლიათ ინტელექტუალური შრომის ექსპორტი განახორციელონ, თუმცა ტყებუჩავას თქმით, პრობლემაა მშენებლობის ეტაპზე გადასვლა, რადგან საერთაშორისო კომპანიებს სხვა მოთხოვნები აქვთ.

„პროექტირების ეტაპზე არ არის პრობლემა, ვინაიდან შესაძლებელია შეამხანაგება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან. ასევე შესაძლებელია წინარე კვლევები სრულად მოიცვას ადგილობრივმა კომპანიამ, მაგრამ მშენებლობის შემთხვევაში მოითხოვება საერთაშორისო გამოცდილება, რადგან დიდი პროექტები უცხოეთში საერთაშორისო კომპანიების მიერ ფინანსდება და მათ მკაცრი მოთხოვნები აქვთ. სამშენებლო კომპანია უნდა იყოს დიდი საერთაშორისო გამოცდილებით.

ასეთი კომპანიები დღეისათვის საქართველოში ძალიან მცირეა. საჭიროა ეს გამოცდილება კომპანიებმა დააგროვონ და გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე და ეს იყოს მათი სტრატეგიის ნაწილი. ვფიქრობ, გარკვეული კოოპერაციით ქართულ კომპანიებს დღეს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტებში“,-აცხადებს ირაკლი ტყებუჩავა.

ინტელექტუალური შრომის ექსპორტის მაგალითია თავად "გროს ენერჯი ჯგუფის" მიერ განხორციელებული პროექტები. როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ ეს მათთვის მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.

„ჩვენი ხედვაა, ინტელექტუალური შრომა გავიტანოთ ექსპორტზე. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ერთი პროექტი აფრიკაში, ერთი ინდოეთში, ყირგიზეთში. გვინდა საერთაშორისო ბაზარზე შევიდეთ საინჟინრო-საკონსულტაციო მიმართულებით და მთავარი შემოსავლის წყარო ეს იყოს იყოს ჩვენთვის“,-აცხადებს ირაკლი ტყებუჩავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები