მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA-მ სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვასთან და ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების პროექტი წარადგინა

ICCA-მ სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვასთან და ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების პროექტი წარადგინა
31.01.24 12:15
1478

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, სამშენებლო ინდუსტრიაში შესყიდვების მიმართულებით სარეკომენდაციო პოზიციების მომცველი დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა. საჯარო-კერძო დიალოგის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო სექტორის, ასოციაციისა და USAID-ს წარმომადგენლები, აღნიშნული დოკუმენტის განხილვა შედგა.

დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს სამშენებლო სექტორში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემატიკის გადაჭრის გზების შესახებ. კერძოდ, სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის წარმოებისას თუ სამუშაოების განხორციელებისას, მოძველებული სამშენებლო წესებისა და ნორმების, ე.წ ,,სნიპების“ გამოყენება წარმოადგენს. შესაბამისად, ხსენებული სამშენებლო სტანდარტების ჩანაცვლების საკითხი, არის ის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რაც, ასოციაციის პოზიციით, უნდა იქნეს გადაწყვეტილი რეფორმის პროცესში.

ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ანა საბახტარიშვილის თქმით, დღესდღეობით, სამშენებლო სექტორი წარმოადგენს, ფაქტობრივად, ერთადერთ რეგულირებულ სექტორს, რომელსაც განსაზღვრული აქვს ზედნადები და გეგმური მოგების ზღვრული ოდენობები. “დღეს დაწესებული ზედნადები და გეგმური მოგების მოცულობა ვერ პასუხობს რეალობას, არის მოძველებული და, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად საჭიროებს გადახედვას.

ისევე, როგორც ძალიან მნიშვნელოვანია ფასთა მოკვლევის პროცესი, რომლის მიხედვითაც დგება ერთეულის ფასები. ის დღეს ვერ პასუხობს მინიმალურ სტანდარტს, რადგან ხელმისაწვდომი არ არის სანდო ინფორმაცია სამშენებლო მასალების ფასებთან დაკავშირებით. აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას ადეკვატური ხარჯთაღრიცხვების შედგენისათვის.”

“USAID-ი მხარს უჭერს საჯარო შესყიდვების რეფორმას, რადგან სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალედ და ეფექტიანად განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენი და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ თანამშრომლობა მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების ევროპული სტანდარტების დანერგვას სამშენებლო სექტორში, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს საჯარო შესყიდვებში.“ - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა.

პოზიაციების დოკუმენტი წარმოადგენს დარგის ექსპერტებისა და სექტორის შეჯერებულ პოზიციებს. ის მოიცავს დასავლური ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკების მიმოხილვას, ასევე, მათ თავსებადობას საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. ამ დოკუმენტის საფუძველზე მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანიცაა უფრო თანამედროვე, მოქნილი და ქვეყანაში დარგის და ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული გახადოს კანონმდებლობა.

პოზიციებისა და რეკომენდაციების დოკუმენტი მომზადდა პროექტის “სამშენებლო ხარჯთაღრიცხვებისა და ფასის კორექტირების რეგულაციების შემუშავებისა და მიღების მხარდაჭერა” საგრანტო აქტივობის ფარგლებში.