მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონორი მეგობარია, რომელიც რეფორმებსა და განვითარებაში გვეხმარება - ნატალია ბერუაშვილი

ნატალია ბერუაშვილი

USAID-ის „ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელ ნატალია ბერუაშვილის განცხადებით, რეფორმების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორედ მიღების მცდელობის გამო, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა. „საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ დონორი მეგობარია, რომელიც რეფორმებსა და განვითარებაში გვეხმარება“, - ამბობს ნატალია ბერუაშვილი.

- როგორ აფასებთ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“, რომელსაც შინ და გარეთ, ფაქტობრივად, დადებითად არავინ აფასებს, თუ არ ჩავთვლით მმართველ ძალას...

- არავინ დაობს იმაზე, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას მოაქვს ძალიან ბევრი სიკეთე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. პირველ რიგში, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით; ასევე იხსნება გზები ევროპული განათლების მიღების მიმართულებით; ჩნდება შესაძლებლობა დასაქმების მიმართულებითაც; ბიზნესს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, გავიდეს ევროპულ ბაზარზე. მოგეხსენებათ, საჯარო შესყიდვების რეფორმის შედეგად, ქართულ კომპანიებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიგოს, რა სიკეთე მოაქვს ევროპას ჩვენთვის. ევროკავშირში ინტეგრაციისთვის კი, მნიშვნელოვანია, გარკვეული ნორმები, დებულებები, კანონმდებლობა ინტეგრირებული და ჰარმონიზებული იყოს ევროპულ მოთხოვნებთან. გვაქვს 9 პუნქტი, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ იმისთვის, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მე-9 პუნქტში საუბარია სწორედ სამოქალაქო საზოგადოების როლსა და ჩართულობაზე კანონშემოქმედებით საქმიანობასა და რეფორმების განხორციელების პროცესში. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული რეფორმის გატარების პროცესში და თუ გარკვეული ინიციატივები ხელს უშლის ამ პროცესს და როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ისე ევროპული ინსტიტუციების მხრიდან ნეგატიურად ვფიქრობ, შეიძლება, გარკვეული შეფერხებები შეიქმნას.

- თუ „ოცნების“ კანონპროექტი მაინც იქცა კანონად, რამდენად შეიძლება ამ ფაქტმა შეცვალოს პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? მაგალითად, USAID-ს უცხო ძალა უნდა ვუწოდოთ...

- პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა გაიგოს ის, რომ დონორი მეგობარია. მეგობარი, რომელიც გეხმარება რეფორმების განხორციელების და განვითარების პროცესში, მეგობარი, რომელიც გიდგას გვერდით როგორც რთულ სიტუაციაში, ისე წარმატების დროს. შესაბამისად, რომ გავიხსენოთ, ძალიან ბევრი რეფორმა, იქნება ეს იუსტიციის სახლის რეფორმები, მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა და ა.შ. ყველა ეს რეფორმა მხარდაჭერილი იყო დონორი ორგანიზაციების მხრიდან. შესაბამისად, დონორი არის ის, ვინც გეხმარება და მეგობრის მხრიდან ჯანსაღი კრიტიკაც საჭიროა იმ შემთხვევაში, როცა მეგობარს სჭირდება, რომ განვითარების გზაზე უკეთესი გახდეს.

- დონორს და მეგობარს რომ „უცხო ძალა“ ეწოდება ამ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ალბათ მინიმუმ უხერხულია, არა?

- თუ დონორს მეგობრად განვიხილავთ, ის დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, რაც მეგობრის მიმართ.

„USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 5-წლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას ეკონომიკური მმართველობის გასაუჯობესებლად, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით. პროექტის ჯამური ბიუჯეტი, დაახლოებით, 19 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები