ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: „ბატა“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერია“, „ოკაიდი“ და ა.შ.
კომპანიამ 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის განმავლობაში ჯგუფის ჯამური შემოსავალი 19 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 116.3 მილიონ ლარს მიაღწია.
ტანსაცმლისა და აქსესუარების გარდა, ჯგუფის შემადგენლობაში შედის ავეჯის რეალიზაციით დაკავებული ბიზნესი, ასევე რესტორნები “ტაბლა” და „პომოდორისიმო“.
ჯგუფის საქმიანობის უმსხვილესი სეგმენტია ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების ვაჭრობა, რასაც “აი სი არ ტრეიდი” ახორციელებს. მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, ICR ტრეიდი ფლობს გაყიდვების როგორც ონლაინ არხს, ასევე 53 მაღაზიას ქვეყნის მასშტაბით.
ანგარიშის თანახმად, სეგმენტების მიხედვით კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები - 80.5 მილიონი ლარი;
ავეჯის და სახლის აქსესუარები - 28.1 მილიონი ლარი;
კვების ობიექტები - 5.3 მილიონი ლარი;
საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი - 2 მილიონი ლარი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 61 მილიონი ლარი იყო, რასთან ერთადაც ჯგუფმა გასულ წელს 14.9 მილიონი ლარის ხელფასები გასცა. მთლიანობაში სხვადასხვა კატეგორიის კომერციულმა ხარჯებმა 31.4 მილიონი ლარი შეადგინა, ჯგუფის წმინდა მოგება კი 2022 წელს 15.9 მილიონი ლარი იყო, რაც 2021 წლის მოგებაზე 1.9 მილიონით მეტია.
ჯგუფის შედეგების შესახებ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ისაუბრა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ, რომლის თქმითაც 2023 წელსაც გაყიდვების 20%-იანი ზრდის მოლოდინი აქვთ.