ინტერამერიკული განვითარების ბანკმა (IDB) ამაზონის პირველი ობლიგაციების გამოშვებით $100 მილიონი მოიზიდა, რასაც რეგიონში ტყის საფარის მასობრივ ჩეხასთან ბრძოლასა და ადგილობრივ თემთა მხარდასაჭერად მიმართავს. როგორც ბანკის ხელმძღვანელმა Reuters-ს განუცხადა, მოსალოდნელია, რომ სხვა ქვეყნებიც ამ გზას გაჰყვებიან.
გამოცემის ცნობით, 5-წლიანი ობლიგაციის კუპონის განაკვეთი 3.82%-ია.
IDB-ის პრეზიდენტმა ილან გოლდფაინმა განაცხადა, რომ ეს ოპერაცია დროთა განმავლობაში $1 მილიარდამდე ობლიგაციების გამოშვების გეგმის დასაწყისია და დასძინა, რომ ბრაზილიის მთავრობამ ბანკს უკვე აცნობა, რომ მსგავსი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას იმავე ჩარჩოს ფარგლებში გეგმავს, რომელიც IDB-მა მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით შეიმუშავა.
ბრაზილიის ხაზინამ, რომელმაც თავისი პირველი სუვერენული მდგრადი ობლიგაცია 2023 წელს, საკუთარი ძალებით შემუშავებული ჩარჩოს ფარგლებში გამოუშვა, განაცხადა, რომ „მიმდინარეობს კვლევები“, რომლებიც ამაზონის ობლიგაციების გამოშვების საკითხს იკვლევს.
ბრაზილია, კოლუმბია და პერუ იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ამაზონის ტროპიკული ტყის 6 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიის დაცვაზე მუშაობენ რეგიონში, რომელიც პლანეტის ცოცხალ ორგანიზმთა ცნობილი სახეობების 10%-ზე მეტისთვისაა ენდემური.
ობლიგაციების ემისია IDB-ის საინიციატივო პაკეტის ნაწილია, რომელიც გაეროს კლიმატის სამიტამდე, COP30-მდე, მდგრადი დაფინანსების მოზიდვას ისახავს მიზნად.
ინიციატივით გათვალისწინებული თანხის ნახევარი, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი, ბრაზილიის ცენტრალურ ბანკისთვის, დერივატივების კონტრაქტის ფარგლებში შეთავაზებულ ვალუტის ჰეჯირების ინსტრუმენტზე მუშაობას მოხმარდება.
გოლდფაინის თქმით, IDB ასევე შეეცდება, გააფართოოს დაფინანსებაზე წვდომა რეგიონის ქალაქებისთვის, Amazonia Forever პროგრამის მეშვეობით, რათა მათ წყალდიდობების, გვალვებისა და ხანძრების მიმართ მდგრადობა გაიუმჯობესონ.




























