მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იდენტიფიცირებულ საფრთხის ზონებშიც კი მშენებლობები გრძელდება“ - როგორ უნდა მოვახერხოთ სტიქიების პრევენცია?

თელავი

თელავში განვითარებულმა სტიქიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე ექსტრემალური მოვლენები სულ უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება.

სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი რისკების შემცირება მხოლოდ სტიქიის შემდეგ ზარალის ლიკვიდაციით ვერ მოხდება, აუცილებელია საფრთხეების დეტალური შესწავლა, ქალაქების სწორი დაგეგმარება და პროგნოზზე დაფუძნებული ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა.

გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საფრთხის შემცველ ზონებში არსებულ მშენებლობებზე და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

„უნდა მოხდეს დეტალური შესწავლა, რამ გამოიწვია კავკასიონის ქუჩაზე არხიდან წყლის ნაკადის გადმოსვლა. პარალელურად, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს როგორც ქალაქის სწორ დაგეგმარებას, ისე პროგნოზზე დაფუძნებული ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნას.

პროგნოზირებად სისტემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მდინარე თელავისხევი მცირე ზომისაა. სტიქიური პროცესის ჩამოყალიბებიდან თელავამდე მანძილი ძალიან მოკლეა, შესაბამისად, რეაგირებისთვის ხელმისაწვდომი დროც შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ადრეული შეტყობინების სისტემა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პარამეტრებს, მაგალითად, ნალექის ინტენსივობას, წყლის დონის ცვლილებასა და წყალშემკრებ აუზში წყლის მობილიზების მაჩვენებლებს. ასეთ სისტემას შესაძლოა ზოგჯერ ცრუ განგაშიც ჰქონდეს, თუმცა უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს მისაღებია, რადგან საბოლოოდ ადამიანების სიცოცხლის დაცვას ემსახურება.

ამ შემთხვევაში დადებითი გარემოება იყო ის, რომ სტიქია გამთენიისას განვითარდა, როდესაც ქუჩებში ადამიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობა მინიმალურია. სავარაუდოდ, სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. თუმცა მსგავსი მოვლენები შეიძლება დღისითაც განვითარდეს, როდესაც ქალაქში გადაადგილება ინტენსიურია. ამიტომ ასეთ რისკებზე ყურადღების გამახვილება და შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კლიმატის ცვლილების ფონზე მსგავსი სტიქიური მოვლენები საქართველოს სხვა რეგიონებსა და მდინარეებზეც უფრო ხშირი გახდება. მაგალითად, თელავის ჩრდილოეთით მდებარე ყვარელსაც ემუქრება ღვარცოფის საფრთხე. ქალაქთან აშენებულია მაღალი დამცავი ჯებირები, თუმცა პრობლემურია ის, რომ ზოგიერთ მონაკვეთში ჯებირები გზების გასაყვანად არის გაჭრილი, რის გამოც მათი მთლიანობა და დამცავი ფუნქცია სუსტდება. რისკების ზრდა უკვე აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არაერთი ტერიტორია ჯერ კიდევ საჭიროებს საფრთხეების სრულფასოვან შეფასებას, განსაკუთრებულად გაუგებარია ის ფაქტი, რომ იმ არეალებშიც კი, სადაც საფრთხე უკვე იდენტიფიცირებულია, მშენებლობები კვლავ მიმდინარეობს. ეს ზრდის როგორც მოსახლეობის, ისე ინფრასტრუქტურის მოწყვლადობას და მომავალში მსგავსი სტიქიების შედეგებს კიდევ უფრო დაამძიმებს,“ - განაცხადა სუხიშვილმა.

12 ივლისს თელავი სტიქიას ებრძოდა. არსებული ცნობებით, ნაშუაღამევს ქალაქში, გადაუღებელი წვიმის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა და ქუჩებზე გადმოვიდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა რომელსაც ქვა-ღორღი მოჰყვა, - მთლიანად დაანგრია ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი. სერიოზულად დაზიანდა კავკასიონისა და ალაზნის გამზირები. დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეუწყდა.

საბედნეროდ სტიქიას მსხვეპრლი არ მოჰყოლია, თუმცა ზარალი საკმაოდ დიდია. შედეგების სალიკვიდაციოდ ოპერატიული შტაბი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში როგორც საკანონმდებლო, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან. მათი ცნობით, განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. დატბორილია სოფლებიც და ვენახების ნაწილიც.

მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია გარკვეული ქუჩების მდგომარეობის დეტალური შესწავლა, რის გამოც აღნიშნულ უბნებზე საავტომობილო მოძრაობა ამდრომდე აკრძალულია.

ინფორმაციისთვის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა მდინარე თელავისხევის ზოგადი ჰიდროლოგიური ანგარიში 2020 წელს მოამზადა. 30-გვერდიანი დოკუმენტში დასკვნის სახით ნათქვამი იყო, რომ მდინარე თელავისხევის კალაპოტში საჭიროა გატარდეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას. მათ შორის პირველ რიგში აუცილებელია მოხდეს მდინარის კალაპოტის ზედა ნაწილში არსებული ხერხეულიძის დამბის რეაბილიტაცია და კალაპოტის გასუფთავება უკვე მოტანილი ზედმეტი ნაშალი მასალისაგან, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს და დიდი რაოდენობით ნალექის მოსვლის შემთხვევაში შესაძლოა ღვარცოფულ ნაკადად გადაიქცეს.

ასევე სასურველია გარკვეულ ადგილებში ამაღლდეს ჯებირები და შეძლებისდაგვარად მდინარის კალაპოტიდან მოშორდეს ისეთი სახის ინფრასტრუქტურული ობიექტები რომელმაც შესაძლოა შემაკავებელი როლი შეასრულოს და არხი გაჭედოს. რაც მთავარია წყალშემკრები აუზის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით აუცილებელია აიკრძალოს ხე-ტყის მოპოვება, რაც შეამცირებს მეწყრული პროცესების განვითარების რისკებს და მოსული ნალექის მდინარეში ტრანსფორმაციის დროს მნიშვნელოვნად გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები