მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იძულებული ვართ, გადავინაცვლოთ შუა აზიის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვაზე" - IBCCS TAX

თელარა გელანტია

ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია IBCCS TAX-ის თანადამფუძნებლის და რეგიონალური დირექტორის ირაკლი არჯევანიძის შეფასებით, ე.წ. „რუსული კანონის“ განხილვის და მიღების პროცესს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისთვის „კარგი არაფერი მოუტანია“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ამჟამად ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან.

„IBCCS საქართველო” საერთაშორისო კომპანია IBCCS Tax-ის ქართული წარმომადგენლობაა. ის ქართველ და უცხოელ ინვესტორებს ეხმარება, აღმოაჩინონ საქართველოში არსებული ბიზნესპოტენციალი და განავითარონ მათი საქმიანობა. საქართველოს გარდა, საერთაშორისო კომპანიას ოფისები აქვს კვიპროსში, ესტონეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

„იმას, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში საქართველოში, რა თქმა უნდა, კარგი არაფერი გაუკეთებია ბიზნეს-გარემოსთვის. ყველაფერი არის მოლოდინის რეჟიმში... ელოდებიან, რომ რაღაცები გაირკვეს და დალაგდეს და შესაბამისად, ამის მიხედვით განსაზღვრონ სამომავლო გეგმებიც“, - თქვა ირაკლი არჯევანიძემ.

მისივე განცხადებით, მოლოდინის რეჟიმში განსაკუთრებით პოტენციური ევროპელი ინვესტორები არიან, ამიტომ IBCCS Tax-მა გადაწყვიტა, საქართველოში ინვესტიციები შუა აზიის ქვეყნებიდან მოიზიდოს.

ამასთან, როგორც ირაკლი არჯევანიძე ამბობს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, „IBCCS Tax საქართველო“, როგორც ჩვენი ქვეყნის ბიზნეს-ამბასადორი, ცდილობს, საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და შესაძლებლობები, მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოს.

- 6 წელია საქართველოს ბაზარზე ვართ და თუ ჩვენი საქმიანობის დაწყებიდან დღემდე, აქტიურად ვმუშაობდით ევროპელ ინვესტორებთან, ახლა იძულებული ვართ გადავინაცვლოთ შუა აზიის ქვეყნებზე, რადგან ეს არის ის დიდი აუთვისებელი ტერიტორია, რომლისთვისაც საქართველო კარიბჭეა ევროპის ბაზარზე შესასვლელად...

- რატომ ხართ იძულებული ანუ „რუსული კანონის“ მიზეზით საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო, ახლა ევროპის ბაზარზე მუშაობას აზრი არ აქვს?

- აზრი არ აქვს - მძაფრი ნათქვამია... ვფიქრობ, ეს {შუა აზიის} აუთვისებელი ბაზარი გვაიძულებს, გადავინაცვლოთ იქითკენ, სადაც ნაკლები დანახარჯებით შეიძლება ვიშოვოთ მსუყე კლიენტები, რადგან როგორც აღვნიშნე, მსუყე ევროპელი ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტირება ბევრ კითხვის ნიშანთან არის დაკავშირებული და მოლოდინის რეჟიმში ვართ, ამიტომ გადავერთეთ სხვა მიმართულებით, საიდანაც ასევე დიდია ინტერესი.

- ზოგადად, რა კითხვები გააჩინა „რუსულმა კანონმა“ პოტენციურ ინვესტორებში და თქვენ რას პასუხობდით?

- საქართველოში ვცხოვრობთ და ერთადერთი მიზანი გვაქვს, რომ მხოლოდ კარგი ვიფიქროთ მომავალზე და ამას გადავცემდით ჩვენს პოტენციურ კლიენტებს. მათი შეხედულებაც ზუსტად იმავენაირად ყალიბდება საქართველოს შესახებ, როგორც ჩვენი დანარჩენ მსოფლიოზე - მაგალითად, როდესაც მოვისმენთ, რომ აშშ-ში ტორნადო იყო ან ევროპაში მაღალი სიცხის გამო ადამიანებმა იზარალეს... იმ ინფორმაციას, იმ კადრებს, რომელიც საერთაშორისო მედიაში საქართველოს შესახებ გადიოდა, მძაფრად აღიქვამდნენ და ფიქრობდნენ, რომ რაღაც მძიმე ხდება საქართველოში, რევოლუცია მზადდება და ა.შ. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ არც თუ ისე მძიმეა დღევანდელი მდგომარეობა, როგორც ეს იმ კონკრეტული კადრებიდან ჩანდა, მაგრამ შედეგები შეიძლება განსხვავებული იყოს. შედეგები კი, ჯერ არ დამდგარა და ვერ ვეუბნებით {რა იქნება}. ბიზნესისთვის შედეგები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მოლოდინები.

- თუმცა მოლოდინები განსაზღვრავს ბიზნესის განწყობას და თუ ნეგატიურია, ანელებს აქტივობას...

- თავისთავად... თუმცა ჯერ არ ვიცით, როგორ იმუშავებს {რუსული კანონი} და შესაბამისად, მოლოდინებიც აბსტრაქტულია..

- იმედი ვიქონიოთ, რომ „რუსული კანონი“ საქართველოში ვერ იმუშავებს...

- სხვა მოლოდინი არ მაქვს. მხოლოდ ოპტიმისტურად ვუყურებ საქართველოს მომავალს. სხვა მოლოდინს უბრალოდ არ ვაღიარებ. არ მინდა, რომ დავიჯერო...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები